ირანის უმაღლესმა სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაპირისპირება ნებისმიერ დროს მასშტაბურ რეგიონულ კონფლიქტში შეიძლება გადაიზარდოს .
როგორც ქვეყნის ლიდერმა თქვა, ოფიციალური თეირანი ომის წარმოებით დაინტერესებული არ არის, თუმცა თუ შტატები სამხედრო აგრესიას გამოიჩენს, ირანი “ბოლომდე იბრძოლებს და მტერს სწრაფ და გადამწყვეტ დარტყმას მიაყენებს”. აიათოლამ იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე მოლაპარაკებები შედეგიანად ჩაივლის, თუმცა დიპლომატიურ პროცესში ჩართულ მინისტრ არაღჩის საჯაროდ მოუწოდა, რომ ქვეყნის ინტერესები ბოლომდე დაიცვას.
შეგახსენებთ, ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ამჟამად არაპირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომელშიც რეგიონული პარტნიორი მხარეები არიან ჩართული. ამჟამად, ოფიციალური ვაშინგტონის მოთხოვნაა, რომ ირანმა უარი თქვას ბირთვული იარაღის შექმნაზე, ასევე შეამციროს სარაკეტო არსენალი, შეუწყვიტოს დახმარება ახლო აღმოსავლეთში წარმოდგენილ ტერორისტულ დაჯგუფებებს და შეწყვიტოს საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გამოყენება. ამჟამად, ოფიციალური თეირანი სარაკეტო არსენალის შემცირებაზე და ე.წ. პროქსი ძალების მხარდაჭერის შეწყვეტაზე უარს აცხადებს. ქვეყნის პირველი დიპლომატის თქმით, ირანი მზადაა ატომური ბომბის შექმნისთვის საჭირო ბირთვული პროგრამის შეჩერებაზე, თუ აშშ მას სანქციებს მოუხსნის. რაც შეეხება ანტისამთავრობო პროტესტს, ირანული მხარის პოზიციაა, რომ ეს შიდა პოლიტიკური საკითხია და მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს მხოლოდ ოფიციალური თეირანი მიიღებს.




























