მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აივანზე ანთებენ ცეცხლს,"ლოქერი" ჰგონიათ მიკროტალღური ღუმელი"- ვინ სტუმრობს და რა სერვისებს იღებენ ტურისტები გუდაურში?

ესაკია

ტურისტების რაოდენობა გაიზარდა, დანახარჯები კი შემცირდა - ამის შესახებ გუდაურში მდებარე ბიზნესს სექტორის წარმომადგენლები საუბრობენ. ტურიზმის ინდუსტრიის წევრები ამბობენ, რომ კურორტზე სრიალის მოყვარული ჯგუფები ნაკლებად ადიან, რის გამოც სამთო კურორტებზე არსებული სერვისების გამოყენებაზე მოთხოვნა შემცირდა.

„მთის კურორტების ბიზნესს ასოციაციის” თანადამფუძნებელი მირანდა ესაკია ამბობს, რომ სავსე კურორტის პირობებში მიღებული შემოსავლები გასული წლის მაჩვენებელს 15-20%-ით ჩამორჩება.

„ვროპელი ტურისტი გუდაურის საგზურს აღარ ყიდულობს, აზიელი ტურისტი კი ჩამოდის იმისთვის, რომ თოვლში ფოტოები გადაიღოს“ - აცხადებს მირანდა ესაკია გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტთან“ საუბრისას.

„წელს გუდაურში ძალიან ბევრი ტურისტია, მაგრამ ჩვენ რამდენიმე დღის წინ, ბიზნეს ასოციაციაში, გავაკეთეთ ჩვენი შემოსავლების ანალიზი და ვნახეთ, რომ წლევანდელი სეზონის შემოსავლები გუდაურში გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 15-20%-ით შემცირებულია. მიზეზი აშკარაა, კურორტზე ჩამოსული ტურისტი უფრო დაბალმხარჯველუნარიანია და ძირითადად აზიის ქვეყნებიდან მოდის, მაშინ როცა წინა წლებში ევროპელი, შედარებით მაღალმხარჯველი სეგმენტი ჭარბობდა.

პრობლემა ბიზნესში არ არის. სერვისის მნიშვნელოვანი ნაწილი სახელმწიფოს მართვაშია (მათ შორის მთის კურორტების მიმართულება), ხოლო ინფრასტრუქტურის ნაწილი ფაქტობრივად უპატრონოა. შედეგად, კურორტი ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რასაც ევროპელი, მაღალმხარჯველი ტურისტი ელოდება. სწორედ ამიტომ, ეს სეგმენტი ეტაპობრივად გავიდა ბაზრიდან და მისი ადგილი დაიკავა დაბალბიუჯეტიანმა ტურისტმა.

ეს ცვლილება უკვე ვიზუალურადაც და პრაქტიკულადაც შესამჩნევია, გაიზარდა შემთხვევები, როდესაც სტუმრებს არ აქვთ სათხილამურო კურორტის ელემენტარული კულტურა: დიდი ნაწილი საერთოდ არ სრიალებს, კურორტზე ამოდის მხოლოდ თოვლში ფოტოების გადასაღებად. სასტუმროს აივანზე ანთებენ ცეცხლს და ჰგონიათ, რომ იქ ბარბიქიუ შეუძლია მოაწყონ, "ლოქერი" ჰგონიათ მიკროტალღური ღუმელი, სადაც ხორცს ჩადებენ შესაწვავად.

შედეგად, მივიღეთ ის რეალობა, რაზედაც წლების განმავლობაში ვყვიროდით, თუ განვითარება და მართვა არ გაუმჯობესდებოდა, გუდაური დაკარგავდა მაღალმხარჯველუნარიან ტურისტს. სამწუხაროდ, ეს პროცესი უკვე თვალსაჩინოა.“ - განაცხადა ესაკიამ.

მიზეზებზე საუბრისას ესაკია ისევ და ისევ ინფრასტრუქტურულ გამოწვევებს და მართვის კრიზისს ასახელებს. მისი თქმით, კურორტი ვერც ტრასებზე და ვერც შიდა გზებზე უსაფრთხოების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.

„ტურისტულმა ბიზნეს ასოციაციამ გუდაურში მოიწვია ფრანგი და ბრიტანელი ტუროპერატორები დუბაიდან, რათა გაგვერკვია, რატომ აღარ ჩამოდის ის მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტი, რომლისთვისაც კურორტი წლების წინ მიმზიდველი იყო.

ძირითადი პრობლემა რაც გამოიკვეთა ეს არის მოუვლელი ინფრასტრუქტურა და მართვის კრიზისი. მიუხედავად უხვი ნალექისა, ტრასები სათანადოდ არ მზადდება. ზაფხულში არ ხორციელდება აუცილებელი სამუშაოები, ვულკანური წარმოშობის რელიეფის გამო ტრასებზე მუდმივად ჩნდება ქვები, რომლებიც დროულად უნდა გაიწმინდოს. ეს არ გაკეთდა და ზამთარში, მიუხედავად 2–3 მეტრი თოვლისა, ადამიანები ქვებზე ზიანდებიან. მაღალმხარჯველი, გამოცდილ მოთხილამურე ასეთ დეტალებს მაშინვე ამჩნევს და ცხადია ეს არის მიზეზი რის გამოც აქ არ ისრიალებს.

ტრასების მოვლა დიდწილად ენთუზიაზმზე მდგომ თანამშრომლებს ეყრდნობა, რომლებიც წლებია უკეთეს პირობებსა და ანაზღაურებას ითხოვენ. -20 გრადუსში ისინი 1 500 ლარზე მუშაობენ, მაშინ როცა მთის კურორტების ხელმძღვანელს მხოლოდ ბონუსის სახით 159 ათასი ერიცხება.

ამას გარდა ტექნიკა გაუმართავია, თოვლის დამმუშავებელი მანქანების ნაწილი მწყობრიდან არის გამოსული და სათანადო პირობებში არც ინახება, რის გამოც ტრასების ხარისხიანი დამუშავება ვერ ხერხდება. ამაზე რომ ვისაუბრე გამლანძღეს ამან რა იცისო.

უსაფრთხოების ნაწილშიც სერიოზული ხარვეზებია: მთაზე ხშირად არ არის გამაფრთხილებელი ნიშნები; არ არსებობს სრულფასოვანი ამბულატორია; არ არის ბავშვთა ექიმი; სერიოზული დაზიანების შემთხვევაში პაციენტს თბილისში გადაყვანა სჭირდება.

მთავარი! ექვს წლიანი მოთხოვნის შემდეგ როგორც იქნა გზა დაგვიგეს. ამ გზას გაუკეთეს საფეხმავლო ბილიკი, მაგრამ ისე გაუკეთეს, რომ ვერც კი მოიფიქრეს, როგორ შეიძლება ამ საფეხმავლო ბილიკის გასუფთავება, ლოგისტიკა საერთოდ არ დაუგეგმავთ. ეს ბილიკი გააკეთეს გზის ხარჯზე, გზა დავიწროვდა, ორ მანქანასაც კი არ შეუძლია გვერდის ავლა. საპარკინგე სივრცეებზე ფიქრი მხოლოდ მაშინ დაიწყეს, როცა კურორტი პარალიზებული გახდა. საცობების პირობებში სასწრაფო დახმარების მანქანაც კი ვერ გადაადგილდება. იყო ნაგვის მართვის კრიზისიც. პასუხისმგებლობა უწყებებს შორის გაურკვევლად გადანაწილდა, რამაც ქაოსი გამოიწვია.

ერთადერთი მიმართულება, სადაც რეალური გაუმჯობესება იგრძნობა, არის პოლიციის მუშაობა. წესრიგისა და უსაფრთხოების საერთო დონე მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია.“ - აცხადებს ესაკია.

კურორტზე მომუშავე ბიზნესის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ აუცილებელია ერთიანი და დამოუკიდებელი ადგილობრივი მართვის სისტემის შექმნა, სადაც ყველა საკითხზე პასუხისმგებელი პირები გადანაწილდებიან. სხვა შემთხვევაში ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები შიშობენ, რომ დაზიანებული განაშენიანების და მოუვლელი ინფრასტრუქტურის ფონზე გრძელვადიან პერსპექტივაში კურორტი გაკოტრებამდე მივა.

„დღეს კურორტზე გამომუშავებული შემოსავლები ნაწილდება სხვა მიმართულებებზე, მაშინ როცა ადგილობრივ ინფრასტრუქტურასა და განათლებაში სერიოზული ხარვეზებია. სწორედ ამიტომ, ბიზნესს ასოციაცია ამზადებს ინიციატივას ეკონომიკის სამინისტროსთვის შეიქმნას გუდაურის თვითმმართველი ორგანო, რომელსაც ექნება საკუთარი ბიუჯეტი და პასუხისმგებლობა.

იდეა მარტივია: რაც გამომუშავდება გუდაურში, უნდა ხმარდებოდეს გუდაურის განვითარებას — ინფრასტრუქტურას, ჯანდაცვას, განათლებას და უსაფრთხოებას. პასუხისმგებლობა უნდა იყოს მკაფიო და კონკრეტული. დღეს არსებული პრობლემების მთავარი მიზეზი სწორედ მენეჯმენტის არარსებობა და უფლებამოსილებების არასწორი გადანაწილებაა.

თუ არსებული ტენდენცია გაგრძელდა, გუდაურის ბიუჯეტი კიდევ უფრო შემცირდება, რაც ზამთრის სხვა კურორტებზეც აისახება. უკვე დღეს ვხედავთ, რომ ტრასების მოვლა და უსაფრთხოება სათანადო დონეზე ვერ ხორციელდება. შემოსავლების კლებასთან ერთად შეიძლება დადგეს ეტაპი, როცა ელემენტარული სერვისის უზრუნველყოფაც შეუძლებელი გახდება, ეს კი კურორტის გაკოტრების რეალური რისკია.

ბიზნესიც მძიმე მდგომარეობაშია: ინფლაციის ფონზე შემოსავალი იკლებს, შესაბამისად ვიხდით ნაკლებ გადასახადს. საბოლოოდ ზარალდება არა მხოლოდ გუდაური, არამედ ქვეყნის ბიუჯეტიც, რაც პირდაპირ ეხება მოსახლეობას.

ფორმალურად ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა, მაგრამ ეს ზრდა ხარისხობრივად არ ნიშნავს შემოსავლის ზრდას. ჩამოსული სეგმენტი ნაკლებად სარგებლობს კურორტის სერვისებით: არ ქირაობს თხილამურს, არ სტუმრობს რესტორნებს, არ იყენებს დამატებით მომსახურებებს. შედეგად, კურორტი სავსეა, მაგრამ ფული არ იხარჯება. თუ ეს ტენდენცია არ შეიცვლება, გუდაური სწრაფად დაკარგავს ფინანსურ მდგრადობას.“ - განაცხადა მირანდა ესაკიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები