მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალგაზრდებმა დაკარგეს კონტროლი საკუთარ პროტესტზე - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტი

ახალგაზრდებმა, რომლებიც ევროპის იდეის მხარდასაჭერად მივიდნენ, აშკარაა, რომ დაკარგეს კონტროლი საკუთარ პროტესტზე - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე 2 მაისის მშვიდობიან საპროტესტო აქციას, რომლის დროსაც მომიტინგეებს დედაქალაქში გმირთა მოედანი რამდენიმე საათის განმავლობაში სრულად პარალიზებული ჰქონდათ.

უნდა აღინიშნოს, რომ „რუსული კანონის“ საპროტესტო აქციას ახალგაზრდები თვითორგანიზებით, ადგილზე სპონტანურად გეგმავდნენ - საით წასულიყვნენ, გზის რომელი ნაწილი გადაეკეტათ და აცხადებდნენ, რომ ასე ისინი ხელისუფლებისთვის იმ დისკომფორტის შექმნას ცდილობდნენ, რომელსაც ხელისუფალი თავად უქმნის მოქალაქეებს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კი თვლის, რომ ამ ახალგაზრდებმა დისკომფორტი თავად მოქალაქეებს შეუქმნეს და ევროპული გზის დასაცავად მისულები, თავისი ქვეყნის ოპოზიციაში აღმოჩნდნენ.

„იმ ადამიანებმა, ახალგაზრდებმა, რომლებიც ევროპის იდეის მხარდასაჭერად მივიდნენ აშკარაა რომ დაკარგეს კონტროლი საკუთარ პროტესტზე. ძალიან ბევრი ფაქტი ვნახეთ, როდესაც სასწრაფო დახმარების მანქანები ვერ გადაადგილდებოდნენ, როდესაც მშობლები რომლებსაც ბავშვებთან მიეჩქარებოდათ სახლში ვერ მივიდნენ. ვნახეთ კაცი, რომელსაც მედიკამენტები მიჰქონდათ კლინიკაში და არ გაუშვეს. ვნახეთ ავტობუსის მძღოლები, რომლებსაც დასვენება სჭირდებათ, რომ ხვალ დილიდან მგზავრები გადაიყვანონ და ძალიან ბევრი აგრესიის და ზიზღის შემცველი ეპიზოდი ვნახეთ. შეიძლება ითქვას, რომ ეს აქცია გადაიზარდა პროცესში, რომელსაც რეალურად ჰქვია შეტევა საკუთარ მოქალაქეებზე. ამას ვამბობდით, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ პროტესტის უკან დგანან და ემზადებოდნენ, რომ რამდენიმე დღეში ამ პროტესტის მესაკუთრეები გამხდარიყვნენ და მართვაში აეღოთ ეს პროცესი, საკუთარ ქვეყანას უდგანან ოპოზიციაში“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, 2 მაისს გმირთა მოედანზე საპროტესტო აქცია 18 საათიდან დაიწყო. გზის გადაკეტვის რამდენიმე მცდელობისას პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა, რის შემდეგაც მოედანზე შეკრებილ მომიტინგეებს რუსთაველის გამზირიდან აქციის მონაწილეები შეუერთდნენ. შედეგად საავტომობილო მოძრაობა გმირთა მოედანზე და მარცხენა სანაპიროზე ჩაიკეტა. რამდენიმე საათიანი პიკეტირების დროს აქციის მონაწილეები, რომლებიც გადაწყვეტილებებს სპონტანურად, ერთმანეთთან კოორდინაციით იღებდნენ ხელისუფლებას "რუსული კანონის" გაწვევისკენ მოუწოდებდნენ. აქციის მონაწილეები ასევე აქციების დროს შსს-ს მიერ დაკავებული პირების გათავისუფლებას და მოძალადეების დასჯას ითხოვდნენ. აქციის დაშლის პროცესში კი მონაწილეებს "შავებში ჩაცმული", "ათლეტური აღნაგობის" ადამიანები დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაშავდა რამდენიმე მოქალაქე. მომიტინგეები აქციების გაგრძელებას მომდევნო დღეებშიც გეგმავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები