ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ახალი $500-მილიონიანი ევროობლიგაციის განთავსება წარმატებით მიმდინარეობს. ამის შესახებ ლაშა ხუციშვილმა BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მინისტრის თქმით, შესაბამისი ტრანზაქცია იურიდიულად მიმდინარე კვირაში დაიხურება, რის შემდეგაც საზოგადოებისთვის დეტალური ინფორმაცია გახდება ცნობილი.
„აპრილის ბოლოს უწევდა იმ ხუთწლიანი ევრობონდის გადახდა, რომელიც 2021 წელს იყო გამოშვებული. ახალი ევრობონდის გამოშვების პროცესი ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს.
მიმდინარე კვირაში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა საზოგადოებასთან შესაბამისი კომუნიკაცია გვქონდეს ევრობონდის გამოშვებასთან დაკავშირებით. როდესაც ტრანზაქცია იურიდიულად დაიხურება - მათ შორის ტრანზაქციის ოდენობაზე, კუპონის განაკვეთზე, მოთხოვნაზე და სხვა დეტალებზე, შემდეგ შეგვეძლება საუბარი. ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა, რომ მხოლოდ იურიდიული პროცედურების დასრულების შემდეგ ხდება ყველა დეტალის გასაჯაროება. ვფიქრობ, მიმდინარე კვირაში გვექნება ეს კომუნიკაცია”, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
ცნობისთვის, ობლიგაციების საინფორმაციო სისტემა Cbonds-ის თანახმად, საქართველოს მიერ გამოშვებული ახალი $500-მილიონიანი ევროობლიგაციის კუპონის განაკვეთი 5.125% იქნება და მისი მეშვეობით 2021 წელს გამოშვებული ფასიანი ქაღალდის რეფინანსირება მოხდება. ამასთან, რეფინანსირება ვადაზე ადრე განხორციელდა, რადგან წინა ფასიანი ქაღალდის დაფარვის ვადა 2026 წლის აპრილში იყო განსაზღვრული.




























