მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი გემოების კვლევა და ხარისხის კონტროლი – უდაბნოს მორიგი უპრეცედენტო პროექტი

ბოგ
BM. GE
27.10.23 17:20
116

ალბათ, ყველა ჩვენგანმა იცის, რომ ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ხარისხის კონტროლი და სტაბილურობის შენარჩუნებაა. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია საკვები პროდუქტების მიმართულებით. პროდუქციის მაღალი ხარისხისა და რაც მთავარია, სიჯანსაღის შენარჩუნება ქართულ ბაზარზე სტაბილურად თითქმის ვერ ხერხდება.

სწორედ ამ გამოწვევაზე გასამკლავებლად სასტუმრო „სტამბას“ ტერიტორიაზე ლაბორატორია „უდაბნო ლაბი“ ამოქმედდა, რომლის მთავარი მიზანი ახალი გემოების კვლევა და მათი სტანდარტიზაცია იქნება. ლაბორატორია პროექტი უდაბნოს ნაწილია, რომელიც რეგენერაციული აგროკულტურით გაუდაბნოებულ ტერიტორიაზე სხვადასხვა კულტურას ანაშენიანებს. სწორედ ამ უნიკალური პროექტის ფარგლებში მიღებული და თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული ნუშის პროდუქტები უდაბნოს მაღაზიაშია ხელმისაწვდომი.

ნუშის ზეთის, რძის, ფქვილისა და კარაქის შეძენა, რომლებიც „უდაბნო ლაბში“ მზადდება, ჭოველიძის 5 ნომერში გახსნილ მაღაზიაშია შესაძლებელი.ნუშის პროდუქტების გარდა, მაღაზიაში სრულიად ორგანული, უდაბნოს ტერიტორიაზე დამზადებული ყველი, თაფლი, ფქვილი და სხვა საინტერესო პროდუქტები იყიდება.

პროექტ უდაბნოს მაღაზია და ლაბორატორია ქართული ბაზრისთვის სრულიად ახალი და ინოვაციური შემოქმედებებია, რომლებიც სრულიად შეესაბამება უდაბნოს რეგენერაციული სოფლის მეურნეობის კონცეფციას.

ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ საქართველოში, საგარეჯოს რაიონში, კერძოდ კი უდაბნოს ტერიტორიაზე, ევროპაში ყველაზე მასშტაბური რეგენერაციული სოფლის მეურნეობის პროექტი, წლებია წარმატებით ხორციელდება. პროექტი „უდაბნო“ 20 000 ჰექტარს მოიცავს, საიდანაც დაახლოებით 2 000 ჰექტარი ნუშის ბაღებს უკავია.

გარდა ნუშის ბაღისა, უდაბნოში 254 ჯიშის ყურძენი და კენკროვანი კულტურებია გაშენებული. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს მძლავრი მეცხოველეობის განვითარებას.

თუმცა, ყველაზე შთამბეჭდავი არა პროექტის მასშტაბი, არამედ მეურნეობის ტიპი – რეგენერაციული მეურნეობაა. ეს იმას ნიშნავს, რომ განსხვავებით ინდუსტრიული სოფლის მეურნეობისგან, ნიადაგი არათუ კარგავს ხარისხს და „იღლება“, არამედ პირიქით, ახალ სიცოცხლეს იძენს. პროექტი თითქმის მთლიანად გაუდაბნოებულ ტერიტორიაზე დაიწყო და უკვე 3000 ჰექტარზეა შეჩერებული გაუდაბნოების პროცესი, გაჩნდა ფესვთა სისტემა, მიკროორგანიზმები და მწვანე საფარი.

ასევე აღსანიშნავია, რომ უდაბნოში არ გამოიყენებენ არანაირ პესტიციდებს, არ ხდება შეწამვლა და მიწის ზედმეტი დამუშავება. მეურნეობის პროცესი სრულად ორგანულია და ბიომრავალფეროვანი.

გარდა ნიადაგზე მუშაობისა, პროექტის ფარგლებში უკვე აშენდა ნუშის გადამამუშავებელი საწარმო, სადაც ხდება ნუშის გარჩევა, სორტირება და კალიბრაცია.

როგორც პროექტ უდაბნოში აცხადებენ, ქართული ბაზრის სრულად ათვისება პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ნუშის წარმოების მასიურ მასშტაბებზე გასვლის შემდეგ, პროდუქცია გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახდეს, რაც ამ მიზანს უფრო გაამარტივებს. ამავე დროს, უდაბნოს უკვე გააქვს ნუში ექსპორტზეც და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზეც მუშაობს.

უდაბნო არამხოლოდ ქართულ ბაზარზე, არამედ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური, მასშტაბური და საინტერესო აგროპროექტია, რომელიც არც თუ ისე შორეულ მომავალში კიდევ არაერთ უნიკალურ სიახლეს შემოგვთავაზებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები