საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) სტრუქტურა და დინამიკა სერიოზული კითხვების ნიშნებს აჩენს - ამის შესახებ BMG-სთან ეკონომიკის დოქტორი აკაკი ცომაია საუბრობს. მისი თქმით, ქვეყნის პოლიტიკური კურსის ცვლილება პირდაპირ აისახება ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას ყველა ძირითადი მიმართულებით აქვეითებს.
აკაკი ცომაია ამბობს, რომ რიცხობრივი ზრდა, რომელზეც ხელისუფლება ხშირად აპელირებს, რეალურ სექტორში ახალი საწარმოების შექმნას არ გულისხმობს, რადგან ინვესტიციების დიდ წილს კვლავ რეინვესტირება და უძრავი ქონების შესყიდვა შეადგენს.
მისი განმარტებით, საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებული ზრდა ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა, რადგან მისი სტრუქტურა არაჯანსაღია.
„დინამიკაში რამე ისეთი გარღვევა ნამდვილად არ გვაქვს. მცირედი ზრდა ფიქსირდება, თუმცა ახალი საწარმოების მიმართულებით ვითარება კვლავ საგანგაშოა, იმიტომ რომ ახალი ინვესტიციები თითქმის არ იქმნება. დიდი წილი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობას ეკუთვნის - ეს ბრიტანეთში დარეგისტრირებული ქართული ბანკების მესაკუთრეების სააქციო კაპიტალია, რასაც რეალურ სექტორზე გავლენა არ აქვს”, - განმარტავს აკაკი ცომაია და აღნიშნავს, რომ ფინანსურ სექტორში ლიკვიდობის გაზრდა არ ნიშნავს ეკონომიკის რეალურ გაჯანსაღებას ან ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
მისივე შეფასებით, იმ სექტორებში, რომლებიც დასაქმების თვალსაზრისით, ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ყველაზე დიდი ვარდნა ფიქსირდება.
„საგანგაშოა ის, რომ დამმუშავებელ მრეწველობაში და ვაჭრობაში, სადაც დასაქმების ყველაზე დიდი მაჩვენებლებია, სწორედ იქ მცირდება ინვესტიციები და მცირდება ძალიან დიდი ოდენობით. ეს ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ეს სექტორები საქართველოში აღარ არის მიმზიდველი.
უძრავ ქონებაზე უცხოელების მხრიდან მოთხოვნა სტაბილურია, ეს სეგმენტი დაახლოებით, 60 მილიონით გაიზარდა. ეს არის შესყიდული ქონება საცხოვრებლად ან გასაქირავებლად. ჩვენ არ ვიცით, რა გავლენას იქონიებს ეს მთლიანად ეკონომიკურ ზრდაზე, მაგრამ ის დასაქმების დონეს რეალურ სექტორში ვერ გაზრდის”, - ამბობს აკაკი ცომაია BMG-სთან.
კითხვაზე - რაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ინვესტიციების 80%-ზე მეტს რეინვესტირება შეადგენს, ეკონომისტი ამბობს, რომ ეს ახალი მოთამაშეების არარსებობის დასტურია.
„რეინვესტიცია არ იზრდება დიდი ოდენობით, უბრალოდ მისი წილია მაღალი მთლიან ინვესტიციებში. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ახალი ინვესტორები აღარ შემოდიან. ეს არის უკვე არსებული უცხოური კაპიტალით შექმნილი კომპანიები, რომლებიც აფართოებენ საქმიანობას. ამ ნაწილშიც დიდია საფინანსო სექტორის წილი, რაც არ წარმოადგენს ინვესტიციას რეალურ სექტორში და ნაკლებად გვაქვს მოლოდინი, რომ ეს შექმნის დამატებულ ღირებულებას მომავალში.
ინვესტიციების კლება დაიწყო იმ პერიოდიდან, როდესაც საქართველომ მკვეთრად გადაუხვია ევროპულ კურსს. ეს გვაჩვენებს მარტივ რაღაცას - საქართველო საინტერესო ქვეყანა აღარ არის. არც ჩინელებისთვის, არც ევროპელებისთვის და არც ამერიკელებისთვის. ჩინელებისთვის საქართველო საინტერესო მაშინ არის, როცა მას ევროპასთან ვაკავშირებთ, რათა აქ წარმოებული პროდუქცია ევროპაში თავისუფალი ვაჭრობით გაყიდონ. მაგრამ როცა ჩვენ ევროპასა და ამერიკას ვაგინებთ, ქვეყანა მიმზიდველობას კარგავს. ყველაფერი გამომდინარეობს პოლიტიკური კურსიდან. ეს არის მთავარი მდგენელი, რისგანაც შემდგომ იქმნება განწყობები, აღქმები და ურთიერთობების დინამიკა, რაც საბოლოოდ პირდაპირ აისახება უცხოურ ინვესტიციებში”, - აცხადებს ეკონომიკის დოქტორი.
საქსტატმა 2025 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს FDI 7.6%-ით, $1.68 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. წლიური ზრდის მიუხედავად, ინვესტიციები უფრო ნაკლებია ვიდრე 2022 წელს ($2.22 მლრდ) და 2023 წელს ($1.93 მლრდ) იყო. ინვესტიციების მთავარი მდგენელი კვლავ არსებული კომპანიების მიერ განხორციელებული რეინვესტიციებია, რაც გასულ წელს 1.4 მილიარდი დოლარი იყო. ინვესტორების მხრიდან სააქციო კაპიტალის შენატანები $602 მილიონი დოლარი იყო, ხოლო ინვესტორ კომპანიებთან და დამფუძნებლებთან ვალდებულებების მომსახურება კი 311 მილიონი დოლარი. შედეგად FDI-ის ბალანსმა 1.68 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ქვეყნების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი კვლავ დიდი ბრიტანეთია, რაც დაკავშირებულია იმასთან რომ საქართველოს უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტები იურიდიულად სწორედ ბრიტანეთში არიან რეგისტრირებული და მათი ოპერაციები FDI-ს სტატისტიკაში აღირიცხება. სექტორების მიხედვით კი კვლავინდებურად პირველ ადგილს საფინანსო სექტორი 607 მილიონი დოლარით იკავებს.




























