მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი ხედვით ბაზარზე სამუშაო ძალის მოთხოვნა-მიწოდების უკეთესი ბალანსი მიიღწევა - გეგი ქელბაქიანი

რეფორმა

სამშენებლო-მენეჯმენტ კომპანია "რეფორმის“ დირექტორი გეგი ქელბაქიანი პროფესიული განათლების ახალ ხედვას, რომლის უმთავრესი ამოცანაც სამუშაო ძალის დეფიციტის პრობლემის გადაჭრაა, იწონებს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მომზადებული ახალი ხედვის ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება, კერძო სექტორთან ერთად, პროფესიული განათლების მიწოდებაში მონაწილეობაა, რაც ითვალისწინებს საჯარო-კერძო პარტნიორობის ჩამოყალიბებას და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივად განხორციელებას, ასევე კოლეჯების დაფუძნებას, არსებული პროფესიული სასწავლებლების მართვაში შესვლას და ა.შ.

სამშენებლო-მენეჯმენტ კომპანია "რეფორმის“ დირექტორი იმედოვნებს, რომ პროფესიული განათლების ახალი ხედვა ეფექტიანი იქნება და შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისბალანსს გადაჭრის.

„კერძო-საჯარო პარტნიორობა ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის ძალიან კარგი ფორმაა. ვფიქრობ, პროფესიული განათლების ახალი ხედვის პრაქტიკაში დანერგვით, ბაზარზე სამუშაო ძალის მოთხოვნა-მიწოდების უკეთესი ბალანსი მიიღწევა. საქმე ის არის, რომ დღესდღეობით, მხოლოდ რამდენიმე კომპანია ცდილობდა და ვახერხებდით ადამიანურ რესურსებში ინვესტირებას, სპეციალისტების გადამზადებას, მაგრამ შემდეგ მათ შენარჩუნებას ვერ ახერხებდა. ამდენად, თუ სამუშაო ძალის/სპეციალისტების გადამზადება მიიღებს მასობრივ ხასიათს და ამ პროცესში თანაინვესტორი იქნება სახელმწიფო, კერძო კომპანიებსაც არ შეგვეშინდება იმის, რომ ჩვენ მიერ გადამზადებული ხარატი, შემდუღაბებელი ან ტექნიკის ოპერატორი სხვაგან წავა, ვინაიდან ბაზარი გაჯერდება“, - განაცხადა გეგი ქელბაქიანმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“.

სამშენებლო-მენეჯმენტ კომპანია "რეფორმის“ დირექტორის თქმითვე, სამუშაო ძალის დეფიციტის პრობლემის გადაჭრის მიზნით, კერძო-საჯარო პარტნიორობის ფორმატი, რომელსაც მთავრობა ბიზნესს სთავაზობს, გარკვეულ კონკრეტიზაციას საჭიროებს და ამ კუთხით, კომუნიკაცია გაგრძელდება.

გეგი ქელბაქიანი არ გამორიცხავს, რომ სხვადასხვა მიმართულებით საჭირო გახდეს საკანონმდებლო ცვლილებებიც.

"მაგალითად, როგორ მოხდება სახელმწიფო ქონების გადაცემა, თუ ბიზნესი პროფესიული სასწავლებლის დაფუძნებას გადაწყვეტს ან რა ვალდებულებით გადაეცემა კერძო სექტორს სახელმწიფო ქონება მართვაში, ან კიდევ რა პროცესი მოჰყვება ვალდებულების შეუსრულებლობას და ა.შ. ასევე, საინტერესოა, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მიერ კოლეჯის ერთობლივად ფლობის შემთხვევაში, თუ მე პარტნიორად შემოვიყვან უცხოელ ინვესტორს, რა გარანტიები უნდა შევთავაზო მას იმისთვის, რომ პარტნიორი მშვიდად იყოს და არ ჰქონდეს იმის შიში, რომ ხვალ შეიძლება სახელმწიფოს პოლიტიკა შეიცვალოს“, - აღნიშნა გეგი ქელბაქიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები