სამშენებლო-მენეჯმენტ კომპანია "რეფორმის“ დირექტორი გეგი ქელბაქიანის აზრით, საზღვარგარეთ სამუშაო ძალის გადინება და ეკონომიკის მაღალი ზრდის ტემპი არის ის ორი ძირითადი ფაქტორი, რატომაც შრომის ბაზარზე სამუშაო ძალის მწვავე დეფიციტის ტენდენციაა.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ გამოწვევაა როგორც სამუშაო ძალა, ისე - სპეციალისტები. აღნიშნულს ადასტურებს საქართველოს ბიზნესასოციაციის მიერ გამოქვეყნებული BAG-ინდექსიც.
სამშენებლო-მენეჯმენტ კომპანია „რეფორმის“ დირექტორი ამბობს, რომ სამშენებლო სექტორი იძულებულია, სამუშაო ძალა მეზობელი ქვეყნებიდან შემოიყვანოს.
„ჩვენს ჯგუფს მუშა ხელის, განსაკუთრებით კი - სპეციალისტების პრობლემა მწვავედ უდგას, რაც საბოლოო ჯამში, აისახება როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად დასრულებაზე, ასევე ხარისხზე. მარტივ მაგალითს გეტყვით - „რეფორმას“ გაგვაჩნია სპეცტექნიკის საკმაოდ დიდი პარკი, რომლის ნაწილიც გაჩერებული გვყავს, რადგან მძღოლ-ოპერატორების მოძებნას ვერ ვახერხებთ და გვიწევს, უცხოელები დავიქირაოთ. ამ კუთხით, „რეფორმა“ ერთადერთი არაა. ბევრი კომპანია იძულებულია თურქეთიდან შემოიყვანოს კონკრეტული სპეციალიზაციის ადამიანები და მათი საშუალებით განვახორციელოთ ესა თუ ის პროექტები. ამ ეტაპზე ქართულ სამშენებლო სეტქორს დაეხმარა ის, რომ ლირის გაუფასურების და მაღალი ინფლაციის გამო, თურქეთიდან სპეციალისტების შემოყვანას შედარებით ნორმალურ ფასად ვახერხებთ, მაგრამ როგორც კი თურქეთის ეკონომიკა დაბალანსდება, სპეციალისტების დეფიციტის პრობლემა ალბათ კიდევ უფრო იჩენს თავს“, - განაცხადა გეგი ქელბაქიანმა და იმედი გამოთქვა, რომ პროფესიული განათლების ახალი ხედვა, რომლის პრეზენტაციაც საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრმა გუშინ გამართა, სამუშაო ძალის დეფიციტის პრობლემის სისტემურ გადაჭრას შეუწყობს ხელს.
სამშენებლო-მენეჯმენტ კომპანია „რეფორმის“ დირექტორი მიიჩნევს, რომ პროფესიული განათლების პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია აქტიური საინფორმაციო კამპანიების ჩატარებაც, რათა პროფესიულ განათლებაზე საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული სტიგმა გაქრეს.
„პრაქტიკულად, ათწლეულების განმავლობაში პროფესიული განათლების სისტემა ჩამოშლილი იყო და ადამიანები ფორმალურ განათლებას ვერ იღებდნენ. ამდენად, ბიზნესი საჭიროების მიხედვით ასწავლიდა შესაბამის უნარ-ჩვევებს და ზრდიდა სპეციალისტებს. ადამიანებს უნდა ავუხსნათ, რომ თუ ისინი კონკრეტულ სპეციალობას/ხელობას დაეუფლებიან და გახდებიან კვალიფიციური ხარატები, ხელოსნები, შემდუღაბებლები ან ექსკავატორის მძღოლ-ოპერატორები, მათ საკმაოდ კარგი ანაზღაურება ექნებათ“, - აღნიშნა მან.