მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მუნიციპალიტეტებს შორის დღგ-ის განაწილების ახალი წესი 2025 წლამდე არ ამოქმედდება

ლარი

საქართველომ 2019 წელს საბიუჯეტო დეცენტრალიზაციის კანონმდებლობა მიიღო. კანონით განისაზღვრა, რომ მუნიციპალიტეტებს უფლება აქვთ მიიღონ ქვეყანაში მობილიზებული დამატებული ღირებულების 19%.

თუმცა, 2019 წელს მიღებული ცვლილებები ბოლომდე ძალაში არ შესულა, რადგანაც 2023 წლის ჩათვლით განისაზღვრა გარდამავალი პერიოდი, რომლის შემდგომაც ახალი წესი უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, რომ სახელმწიფო ახალ მოდელზე გადასვლისთვის მზად არ არის და მიზანშეწონილია მისი 2025 წლამდე გადავადება.

დღეს მუნიციპალიტეტებზე ცენტრალური ხელისუფლება გათანაბრებითი ტრანსფერით ახდენს რესურსების მიმართვას. 2023 წლის ბიუჯეტით გათანაბრებითი ტრანსფერზე 515 მილიონი ლარი, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტით კი 516 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული.

“2019 წლიდან, გათანაბრებითი ტრანსფერის და საშემოსავლო გადასახადის ზოგიერთი ქვეკატეგორიის ნაცვლად, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების შემოსავლის წყაროდ განისაზღვრა ბიუჯეტში მობილიზებული დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) 19%.

აღნიშნული თანხის განაწილება მუნიციპალიტეტებს შორის ხორციელდება კანონით დადგენილი ფორმულის მიხედვით. აღსანიშნავია, რომ დღგ-ს განაწილების სისტემის შემოღებით მნიშვნელოვნად გაიზარდა მუნიციპალიტეტების შემოსავლები, ვინაიდან დღგ-ს მობილიზება მჭიდრო კორელაციაშია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებთან, ამავდროულად, გათანაბრებითი ტრანსფერისგან განსხვავებით, მუნიციპალიტეტების მიერ საკუთარი შემოსავლების ზრდა არ ახდენს გავლენას მათ მიერ მისაღები დღგ-ს მოცულობაზე.

დღგ-ს განაწილების სისტემის შემოღების დროს კანონით განისაზღვრა 5 წლიანი გარდამავალი პერიოდი (2019-2023 წლები), რომლის დროსაც კონკრეტული მუნიციპალიტეტისთვის დღგ-ს ზრდის მაქსიმალური ოდენობის პროცენტული მაჩვენებელი უნდა განსაზღვრულიყო შესაბამისი წლის ბიუჯეტის კანონით.

გარდამავალი პერიოდი სრულდება მიმდინარე წელს და ზემოხსენებული შეზღუდვის არ არსებობის პირობებში 2024 წელს მნიშვნელოვნად მოხდება თანხების გადანაწილება მუნიციპალიტეტებს შორის. აღნიშნულს პირდაპირი გავლენა არ ექნება სახელმწიფო ბიუჯეტზე, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ რიგ მუნიციპალიტეტებს მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ შემოსავლები, საჭირო იქნება მათი ფინანსური დახმარება, რომლის წყაროდ კი ისევ მუნიციპალური პროექტების დასაფინანსებლად გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი უნდა იქნეს გამოყენებული.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია 1 წლით გახანგრძლივდეს გარდამავალი პერიოდი, რათა 2024 წლის ბიუჯეტების მომზადებისას მუნიციპალიტეტებში არ წარმოიქმნას ფინანსური დეფიციტი. სწორედ აღნიშნულ ცვლილებას ითვალისწინებს საბიუჯეტო კოდექსში წარმოდგენილი კანონპროექტი.

რაც შეეხება გარდამავალი პერიოდის გასვლის შემდგომ პერიოდს, აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტრომ დაიწყო მუშაობა დღგ-ს განაწილების სისტემასთან ერთად შემოღებულ იქნეს საშემოსავლო გადასახადის განაწილების სისტემაც და ქვეყანაში მობილიზებული საშემოსავლო გადასახადის ნაწილი დარჩეს მუნიციპალურ ბიუჯეტებში, რა პრაქტიკაც არის ევროკავშირის წევრ თითქმის ყველა ქვეყანაში.

საშემოსავლო გადასახადის განაწილების სისტემის შემოღებისთვის საჭიროა, როგორც სრულყოფილი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის მომზადება, ასევე შესაბამისი ანალიტიკური მასალების მომზადებაც, თუ რა გავლენა ექნება თითოეული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლებზე. გარდა ამისა, საჭირო იქნება ხაზინისა და შემოსავლების სამსახურის IT სისტემების მოდიფიცირებაც. ყოველივე ზემოაღნიშნულის მომზადება და სათანადო განხილვა შესაძლებელია 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებამდე”, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებულ დოკუმენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები