მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი Lamborghini Urus Hybrid SE, ელექტრო Mercedes G-Class EQ! ჩინური ავტობრენდები მსოფლიო გაყიდვების 1/3 იკავებენ - კვირის მთავარი ავტოსიახლეები

KDVJKFNV

კვირის მთავარი ავტოსიახლეები წარმდგენია "თეგეტა ჰოლდინგი"

Volvo Cars-ის ელექტრომობილების გაყიდვები აპრილში 27%-ით გაიზარდა

Volvo Cars-ის გაყიდვები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აპრილში 27%-ით გაიზარდა და 65,838 ავტომობილს მიაღწია, რაც ელექტრო და ჰიბრიდულ მანქანებზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. ამის შესახებ ინფორმაციას, საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.
Volvo Cars-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ სრულად ელექტრო მანქანების გაყიდვები გაიზარდა 94%-ით და თვეში, მთელი გლობალური გაყიდვების 26% შეადგინა.
"გაყიდვები ევროპაში, Volvo Cars-ის უმსხვილეს ბაზარზე, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 65%-ით გაიზარდა და 34,238 მანქანას მიაღწია, რომელიც კომპანიის სრულად ელექტრო პატარა SUV-ით და EX30-ის გაყიდვებითაა განპირობებული.
შეერთებულ შტატებში მთლიანი გაყიდვები 10%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად plug-in ჰიბრიდული მანქანების გაყიდვების 89%-ით არის გამოწვეული", - განაცხადა Volvo Cars-მა.
იმავდროულად, ჩინეთში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაყიდვები 3%-ით შემცირდა.

TESLA-მ ჩინეთში ავტოპილოტით სარგებლობის უფლება მიიღო

ამერიკულმა ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანია Tesla-მ ჩინეთის მასშტაბით თვითმართვადი ავტოპილოტის სერვისით სარგებლობის უფლება მიიღო.
ცვლილების შედეგად, Tesla-ს ექნება საშუალება, ჩინეთის ბაზარზე გაყიდულ ელექტრომობილებში ავტოპილოტის ფუნქციონალი გაააქტიუროს, რაც აქამდე ქვეყნის კანონმდებლობით აკრძალული იყო.
ავტოპილოტის ფუნქციონალი Tesla-ს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა, რომელიც მას სხვა ავტომწარმოებლებთან შედარებით აქვს. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ჩინეთის მაღალ და საშუალო ფენაში Tesla-ზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, ავტოპილოტის სერვისი კი ერთ-ერთი ის ფუნქციონალია, რომელსაც მომხმარებლები დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ.
მარეგულირებლის განმარტებით, Tesla-ს ავტოპილოტი უსაფრთხოების ყველა აუცილებელ მოთხოვნას აკმაყოფილებს და მისი გამოყენება ქვეყანაში ნებადართული უნდა იყოს. მარეგულირებლის მხრიდან მწვანე შუქის ანთების ფონზე, საფონდო ბირჟაზე Tesla-ს აქციების ღირებულება თითქმის 10%-ით გაიზარდა.

როგორია ახალი Lamborghini Urus Hybrid SE?

იტალიურმა Lamborghini-მ თავისი სუპერ-SUV-ის ახალი ვერსია წარადგინა, რომელიც ჰიბრიდული ტექნოლოგიითაა აღჭურვილი და თითქმის 800 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
Urus Hybrid SE-ის ფუნდამენტი ისევ 4 ლიტრის მოცულობის 8-ცილინდრიანი ძრავაა, რომელსაც ახლა ელექტრომოტორი დაემატა, რომლის წყალობით, ავტომობილის აჩქარება და სიმძლავრე დრამატულად გაიზარდა.
ამჯერად 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებს Lamborghini-ს სუპერ-SUV-ი 3.4 წამში შეძლებს. გარდა ამისა, ჰიბრიდული სისტემა ავტომობილის საწვავის მოხმარების და გამონაბოლქვის შემცირების საშუალებას აძლევს. აგრეთვე, ახალ Urus-ს სრულად ელექტრონულ რეჟიმში დაახლოებით 65 კილომეტრის გავლა და ელექტროდამტენით დამუხტვა შეუძლია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ევროპული სახელმწიფოების დედაქალაქებშია, სადაც შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილების გადაადგილებაზე შეზღუდვები წესდება.
ახალ სისტემასთან ერთად, განახლდა Urus-ის დიზაინიც, მისი მაშუქები უფრო თანამედროვე და მაღალტექნოლოგიური გახდა. ასევე, შეიცვალა ინტერიერის დიზაინი და ცენტრალური სამართავი სისტემა, რომელიც თანამედროვე ფუნქციონალით აღიჭურვა.
ახალი Urus Hybrid SE-ის ფასი 250,000 დოლარიდან იწყება და ის 400,000 დოლარს აღწევს

ახალი ელექტრო Mercedes G-Class EQ!

გერმანულმა Mercedes-Benz-მა ლეგენდარული Geländewagen-ის ფუნდამენტურ დონეზე განახლების გადაწყვეტილება მიიღო და მისი ელექტრონული ვერსია - G580 EQ გამოუშვა.
ვიზუალური თვალსაზრისით, ახალი ელექტრომობილი ფაქტობრივად იდენტურად გამოიყურება ტრადიციულ G-Class-თან შედარებით, რაც იმ მარტივი მოცემულობით არის განპირობებული, რომ Geländewagen-ის მთელი აზრი მისი კლასიკური, ბრუტალისტური დიზაინია, რომელიც 1979 წლის შემდეგ თითქმის უცვლელია.
გერმანული „აგური“ ახალი იმაზე გაცილებით უფრო აეროდინამიკური და მოქნილია, ვიდრე ის ოდესმე ყოფილა, რაც დიზაინის დახვეწით არის განპირობებული. საბედნიეროდ, ელექტრომობილი ისევ ინარჩუნებს კლასიკურ პროპორციებს და სილუეტს.
რაც შეეხება ტექნიკურ მახასიათებლებს, G580 EQ-ს ოთხი დამოუკიდებელი ელექტრომოტორი აქვს და ყოველ მათგანს დამოუკიდებელი სიჩქარის გადამრთველი კოლოფი უყენია, რაც ელექტრომობილის დაბალი და მაღალი სიჩქარის არჩევის საშუალებას აძლევს, ეს კი მისი გამავლობის გაუმჯობესებას და off-road შესაძლებლობების ზრდას იწვევს.
გარდა ამისა, ელექტრომობილის ქვედა ნაწილი დაცულია კევლარის კომპოზიტური მასალით, რათა უგზოობაში გადაადგილებისას მისი ბატარეა არ დაზიანდეს.
როგორც ცნობილია, ელექტრომობილს 580 ცხენის ძალა და 1,165 ნიუტონ-მეტრის მოცულობის გაწევა აქვს, რისი წყალობით, თითქმის 3-ტონიანი ავტომობილი 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 4.6 წამში შეძლებს.
მაქსიმალურ მანძილთან და ფასთან დაკავშირებით Mercedes-Benz-ს ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ახალი ელექტრომობილი ფლაგმანურ G63-ზე იაფი ეღირება, რომლის ფასი, თავის მხრივ, 190,000 დოლარიდან იწყება.
ბაზარზე ელექტრო G-Class-ის გამოჩენა არ ნიშნავს შიდა წვის ძრავის მქონე Geländewagen-ის წარმოების შეწყვეტას. როგორც Mercedes-ში ამბობენ, 8-ცილინდრიან G63 AMG-ზე მოთხოვნა ისევ მაღალია და მის წარმოებას კომპანია მომავალშიც აუცილებლად გააგრძელებს.

ავტომობილების გლობალური გაყიდვების მესამედს ჩინური ავტობრენდები ფლობენ

ავტომობილების გლობალური გაყიდვების ბაზრის მესამედს ჩინური ავტობრენდები იკავებენ. ჩინეთის ავტომობილების ასოციაციის მონაცემებით, მარტში ჩინური ბრენდების გაყიდვებმა მსოფლიო გაყიდვების 33% შეადგინა, ჯამურად კი ერთი თვის განმავლობაში მსოფლიოში 8 მილიონ 150 ათასი ავტომობილი გაიყიდა.

ბაზრის წილით პირველ ადგილს ინარჩუნებს ტოიოტა 10,6 %-ით, შემდეგ მოდიან Volkswagen და Hyundai, შესაბამისად, 9,5% და 7,4 %-ით. ერთადერთი ბრენდი ჩინეთიდან, რომელიც გლობალური გაყიდვების TOP 10-ში მოხვდა Geely-ია, 738 ათასი გაყიდული ავტომობილით და შესაბამისად 3.5%-იანი წილით.

იქვე, მე-11 პოზიციაზეა ჩინური BYD, რომელმაც მარტში გლობალური ავტომობილების ბაზრის 3.2%-იანი წილი დაიკავა, შემდეგ კი მოდის Chery 3% -იანი წილით.

Chery და Geely ასევე ფლობენ ევროპული ბაზრის 6%-იან წილს, ხოლო ჩინეთში მათი წილი, შესაბამისად, სამი და ორი პროცენტია. კიდევ ერთი ჩინური ავტო გიგანტი BYD თავისი იაფი ელექტრომობილებით ჩინეთში გაყიდვების 9%-იან წილს ფლობს, ევროპაში კი მისმა წილმა ჯერ ერთ პროცენტს ვერ მიაღწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები