მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ახალი საწარმოს მშენებლობა და ექსპორტზე გასვლა - როგორია “დიო”-ს გეგმები?

დიო

“მომავალ წელს უკვე ვფიქრობთ დავიწყოთ მუშაობა დიდ გაფართოებაზე” - ამის შესახებ BM.GE-ს დიო“-ს მმართველმა პარტნიორმა თამაზ დაუშვილმა განუცხადა.

როგორც მან სამომავლო გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, თბილისში ახალი საწარმოს მშენებლობაზე, სავარაუდოდ, რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება, პროცესი კი 2027 წლიდან დაიწყება.

“ქალაქგარეთ არის ჩვენი ასე ვთქვათ მიზნები და იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს პროექტირება დასრულდება და 2027 წლიდან დავიწყებთ განხორციელებას”,- ამბობს თამაზ დაუშვილი.

მისი ინფორმაციით, ამჟამად კომპანია 180 ადამიანს ასაქმებს და გაფართოებასთან ერთად, მათი ზრდაც მოხდება.

“დიო”-ს სამომავლო გეგმები ასევე კავშირშია ექსპორტთან. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯების გადადგმას კომპანია მომავალი წლიდან გეგმავს.

“მნიშვნელოვანია ჩვენთვის საქართველოს გარეთ ბაზრის ათვისებისკენ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა და მომავალ წელს ამ კუთხითაც გარკვეულ ღონისძიებებს ვგეგმავთ. საუბარია ალბათ ინფრასტრუქტურის აწყობაზე, პროდუქტის შერჩევაზე რომელიც შეიძლება იყოს საინტერესო, ბაზრის შერჩევაზე... დეტალებში ახლა ვერ შევალ, გარკვეულწილად ეს კომერციულ საიდუმლოებასთან არის დაკავშირებული, თუმცა ეს ჩვენი სტრატეგიის ნაწილია”,- ამბობს თამაზ დაუშვილი.

ცნობისთვის, “დიო” 1996 წელს დაფუძნდა. ჟალუზების წარმოებით დაწყებული ბიზნესი ეტაპობრივად გაიზარდა და კომპანია დღესდღეობით 80-ზე მეტი დასახელების (მეტალოპლასტმასისა და ალუმინის კარ-ფანჯრებს, ინტერიერისა და ექსტერიერის მზისგან დამცავ და საჩრდილობელ სისტემებს, ჭიშკრის ავტომატიზაციასა და ინდუსტრიულ) პროდუქტს აწარმოებს. “დიო” თბილისში (დიღომში) მდებარე საწარმოსთან ერთად 4 შოუ რუმს ფლობს - თბილისში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები