ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე ფიქრობს, რომ რიკოთის მონაკვეთთან მიმართებით რადიკალური გადაწყვეტებია მისაღები.
გუშინ რიკოთის უღელტეხილზე, კერძოდ ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი წვიმის შედეგად ლაფი ჩამოწვა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია რიკოთის უღელტეხილზე მეწყერის ჩამოსვლის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
რიკოთის უღელტეხილზე სავალ ნაწილზე სამშენებლო ობიექტიდან ჩამოსული წყლისა და ლაფის გამო მოძრაობა დროებით იყო შეზღუდული. ორმხრივ რეჟიმში აღდგენის მიუხედავად, ტერიტორიაზე გადაადგილება გვიან ღამემდე შეფერხებებით ხორციელდებოდა.
როგორც ნინო ჩხობაძე „საქმიანი დილის“ ეთერში ამბობს, პროცესები თავდაპირველად ხარვეზებით და რიგითობის დარღვევით განხორციელდა, რამაც კლიმატური ცვლილებების ფონზე მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა. ჩხობაძე ფიქრობს, რომ პროექტის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია დამატებითი კვლევების ჩატარება, რომელიც საზოგადოებისთვის გამჭვირვალე იქნება.
„პრობლემაა ის, რომ ამას ვერაფერი აჩერებს, რადიკალური ზომები უნდა მიიღონ. უნდა გადაწყვიტონ ოღონდ სპეციალისტებმა, უნდა დაუძახონ და შეჯერდნენ რა შეიძლება გაკეთდეს. ფერდები არასტაბილურია, ამიტომ წყლის გასავლები უნდა გაკეთდეს ნორმალური, თავისი დენადობა უნდა ჰქონდეს, თითქოს ახლაც არის მაგრამ არ ყოფნის, ნალექის რაოდენობა არის ბევრი და ვერ ატარებს. ტერასირებაა ეს ვერსია.
დამატებით კვლევებზე გამოცხადდა ტენდერი, თუმცა მერე რა გაკეთდა არ ვიცი. ჩვენ ხომ არ ვართ გამჭვირვალე და ყველას ეშინია, რომ ცხვირს ჩავყოფთ და ვიტყვით, რომ კარგად არ არის, ამიტომ არ ვიცი, ბოლო თვეა არაფერი მინახავს.
მეწყერ საშიში ზონები მთლიანად საქართველოშია გააქტიურებული, რიკოთი იყო ისედაც, თუმცა დღეს სიტუაცია უფრო გართულდა. თქვენ წარმოგიდგენიათ რომ ტრასას ვაკეთებდეთ და მუდმივად ხალხი 3-4სთ იყოს რიკოთზე და ვერ გადიოდეს? შეცდომა იყო დაშვებული, როცა ჯერ კი არ გაამაგრეს ფერდობები, არამედ პირდაპირ გზის გაყვანა დაიწყეს. შეცდომები იყო რიგითობის მხრივ დაშვებული, სრულად არ იყო გაკეთებული არც გეოლოგია. ერთადერთი გამოსავალი ახლა არის, დაუძახონ სპეციალისტებს, რომელიც ჯერ კიდევ არიან საქართველოში და ერთობლივად გადაწყდეს. თან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წინა საუკუნის 70-იან წლებში, როცა გაატარეს რიკოთის მონაკვეთი, იქ იარეს აფეთქებებით, იქ ქანები უკვე დაძრული იყო და უკვე პრობლემატური. როცა ახალი ტრასა გადიოდა, მაშინვე იყო ეს შეშფოთებები, რომ ბოლომდე არ არის გეოლოგია გაკეთებული. ჩვენც მივუთითებდით ამაზე. ახლა, ისევ პროექტს გაძვირების ხარჯზე, ახალი ტექნიკური გადაწყვეტების ხარჯზე, უსაფრთხოება უნდა უზრუნველყონ, სხვას ვერაფერს გააკეთებენ. რა თქმა უნდა, მიმდინარე პროცესები მოსახლეობას აშინებს, რადგან ყოველ წვიმაზე პრობლემა გვაქვს“, - აცხადებს ჩხობაძე.
ცოტა ხნის წინ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ყოველწლიური გეოლოგიური ბიულეტენის მიხედვით, რიკოთის მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთზე 2024 წელს მეწყრული და ქვათაცვენის პროცესების საშუალო ან მაღალი რისკია.
ბიულეტენში წერია, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტში, წინა წლების მსგავსად, მეწყრულ-გრავიტაციული პროცესების აქტივაციაა მოსალოდნელი. პირველ რიგში, რიკოთის გვირაბის აღმოსავლეთი პორტალის მიდამოებში არსებული კლდეზვავის ტიპის მეწყრების გააქტიურება და გამოფიტული მასის ჩამოცვენა მდინარე ჩუმათელეთის ორივე ფერდობზე ისევ აქტიური იქნება.
განსაკუთრებული საფრთხე კი, უსახელოს ღვარცოფულ ხევში იარსებებს, სადაც 2011 წელს გააქტიურებულმა პროცესმა ადამიანთა მსხვერპლი გამოიწვია.
ლესელიძე-სენაკი-თბილისის 468-ე კმ-ზე განსაკუთრებული აქტიურობა ან სირთულე მცირე ფართობის გამო არ იქნება, თუმცა არის ცვლილებები რასაც სჭირდება პრევენციული ღონისძიებების გატარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, რისკი გაიზრდება.
ანგარიშში წერია, რომ 2024 წელს მეწყრული პროცესების მცირედ გააქტიურებას უნდა ველოდოთ თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალის ძველ, 87-ე კმ-ზე, რომელ მონაკვეთზეც პერიოდულად ხდება სატრანსპორტო ნაკადების გადართვა.
წელსვე, მეწყრული პროცესების გააქტიურებას უნდა ველოდოთ აღანიანის მეწყრულ ფერდზე, ხოლო იგოეთის ავტობანის მიმდებარედ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, გააქტიურების და კონტურის გაზრდის ალბათობა დიდია. შესაბამისად, რისკებიც მაღალია.