საქართველოში ფეხბურთის გულშემატკივარი რომ გავაჩეროთ და ქალაქ ვალენსიას შესახებ ვკითხოთ, უმრავლესობას, პირველ რიგში, გიორგი მამარდაშვილი გაახსენდება, რომელიც სამართლიანად ითვლება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამავე ქალაქის ნომერ მეორე გუნდ “ლევანტეში” უკვე 5 წელია ირიცხება ქართველი ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი, რომელმაც უკანასკნელი სანაკრებო პაუზის დროს, ყველა ქართველს შეაყვარა თავი საკუთარი ბრძოლისუნარიანობის, გამძლეობისა და ლიდერის თვისებების წყალობით.
გიორგი ქოჩორაშვილი 1999 წლის 29 ივნისს დაიბადა და ფეხბურთის თამაში “დინამოს აკადემიაში” დაიწყო, როდესაც ახალგაზრდულ მიმართულებას, კლუბის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, ანდრეს კარასკო ხელმძღვანელობდა.
2017 წელს ქოჩორაშვილი “საბურთალოს” (დღეს უკვე “იბერია”) რიგებში აღმოჩნდა, რომლის სპორტული დირექტორიც ლეგენდარული ფეხბურთელის ფერნანდო იეროს ძმა მანოლო იერო იყო, რომელიც გამორჩეული სელექციითა და ტალანტების ნიჭის აღმოჩენით იყო დაჯილდოებული. პროფესიონალურ დონეზე დებიუტიც, სწორედ ამ გუნდში ჰქონდა, რის შემდეგაც 19-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს.
2017 წელს ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძელი საქართველო იყო, სადაც “საბურთალოს” შემადგენლობიდან ყველაზე მეტი ექვსი ფეხბურთელი იყო წარმოდგენილი, რომელთა შორის გიორგი ქოჩორაშვილიც ფიგურირებდა.
ნაკრებში გამოძახების შესახებ, მაშინ ქოჩორაშვილმა კომენტარიც გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ მისთვის ასაკობრივ დონეზე ნაკრების რიგებში თამაში ბევრს ნიშნავდა:
“ძალიან დიდ რამეს ნიშნავს. ბავშვობაში, როდესაც ფეხბურთს ვუყურებდი, თუ როგორ მღეროდნენ ფეხბურთელები ჰიმნს, მეც ფეხზე ვდგებოდი და წარმოვიდგენდი, რომ მეც ნაკრებში ვიყავი. ახლა, როცა ნაკრების თამაშებზე ფეხზე ვდგავარ, ეს მახსენდება. ჩემთვის ძალიან დიდი რაღაცაა ნაკრებში თამაში. თუ ჯარისკაცი ქვეყნის ტერიტორიას იცავს, ფეხბურთელმა ქვეყნის სახელი უნდა დაიცვას, ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვუდგები. აქვე დიდ მადლობას გადავუხდი მთავარ მწვრთნელ გიორგი ყიფიანს, რომელიც ძალიან მენდო” - განაცხადა 2017 წელს ქოჩორაშვილმა.
საბოლოოდ საქართველოსთან ერთად ჯგუფში პორტუგალიის, შვედეთისა და ჩეხეთის ნაკრებები მოხვდნენ, საიდანაც გამარჯვება მხოლოდ შვედეთთან მოვიპოვეთ და შედეგად ჯგუფში ჩავრჩით. ქოჩორაშვილმა სამივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და ტურნირის დასრულების შემდეგ ინდივიდუალურად წარმატებული ასპარეზობა დაუფასდა.
მისი შეძენით კატალონიური “ჟირონა” იყო დაინტერესებული და საბოლოოდ, ქართველი 50 ათასი ევროს სანაცვლოდ ერთწლიანი იჯარით შეიძინეს. მას შემოთავაზება პორტუგალიური “გიმარაეშიდანაც” ჰქონდა, მაგრამ ბავშვობიდან ესპანური ფეხბურთის გულშემატკივარი იყო და გადაწყვეტილებაც გულის კარნახით მიიღო.
თავდაპირველად, ქოჩორაშვილს ესპანეთში თამაში რასაკვირველია გაუჭირდა, რადგან ქართველი ფეხბურთელებისთვის ყოველთვის რთულია საქართველოს ეროვნულ ლიგასთან შედარებით ბევრად მაღალ ტემპზე, სისწრაფეზე გადაწყობა და ამ ყველაფერთან ადაპტაციას გარკვეული დრო სჭირდება, თუმცა სხვა მხრივ გარემოს მარტივად შეეგუა, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნე, მას ესპანელებთან ქართულ ფეხბურთშიც ჰქონდა ურთიერთობა.
სეზონის დასრულების შემდეგ ქოჩორაშვილი “საბურთალოში” დაბრუნდა, თუმცა საკუთარ ოცნებაზე უარი არ თქვა და იჯარით კარიერა ესპანეთის მესამე დივიზიონის კლუბ “პერალდაში” გააგრძელა. ორი სეზონის განმავლობაში წარმატებული თამაშების და პარალელურად, ნაკრების 21 წლამდე შემადგენლობაში ასპარეზობის შედეგად ნათელი გახდა, რომ იჯარის ამოწურვის შემდეგ საქართველოს ეროვნულ ლიგაში მას არავინ დატოვებდა.
ასეც მოხდა, 250 ათასი ევროს სანაცვლოდ ფეხბურთელი ვალენსიურ “ლევანტეში” გადავიდა. სწორედ აქედან იწყება მისი მიზანდასახულობის, შრომის, არშეუგების მაგალითი, რადგან კლუბი მას ხშირად ანათხოვრებდა. პირველი სამი წელი მეორე გუნდში თამაშობდა, არც ტრავმების მხრივ გაუმართლა, რადგან “ლევანტეს” მეორე შემადგენლობაში ასპარეზობის პარალელურად, თამაშებზე ძირითად გუნდსაც დაჰყვებოდა, რის შედეგადაც ორმაგად უწევდა დატვირთვაც და ვარჯიშიც, შედეგად კუნთის ტრავმა მიიღო და ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში უქმობა მოუწია.
2022/23 წლების სეზონში საერთოდაც სათამაშო პრაქტიკის მისაღებად ნაბიჯი უკან გადადგა და ესპანეთის მესამე ლიგაში “კასტელონში” გადავიდა. ამ გუნდში გამოამჟღავნა მან თავისი ხასიათი, დაიწყო გოლების გატანაც და პარალელურად აკეთებდა იმას, რაც ყველაზე უკეთ გამოსდის - "შავი საქმის" შესრულება.
“ლევანტეში” დაბრუნებისას ესპანურმა გამოცემა SuperDeporte-მ მასზე დაწერა, რომ ის გასული სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენა იყო და მომავალი სეზონისთვის უკვე უმნიშვნელოვანესი ფიგურა იქნებოდა:
“23 წლის ქართველი ნახევარმცველი საკვანძო როლს ასრულებდა „კასტელონში“, რომელიც ახლოს იყო ლა ლიგა 2-ში გადასვლასთან. გიორგი ქოჩორაშვილს ახლა იჯარა დაუსრულდა და „ლევანტეს“ დაუბრუნდა. ქართველი ნახევარმცველი, რომელიც პირველ დივიზიონში სეზონის ერთ-ერთ სენსაციად იქცა, ახლა „ლევანტესთან“ ერთად ლა ლიგაში ნახტომისთვის ემზადება. „კასტელონში“ ფლეიმეიკერის როლში ჩავიდა, მაგრამ უფრო საყრდენი ნახევარდაცვის პოზიციაზე თამაშობდა, ისევე როგორც ადრეულ ასაკში. ასე რომ, ახლა „ლევანტეს“ მასთან დაკავშირებით რამდენიმე არჩევანი ექნება. გიორგის კლუბში ენდობიან და დარწმუნებულები არიან, რომ ახალ სეზონში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება” - დაიწერა SuperDeporte-ში.
ასეთი გამოცდილების დაგროვებით ქოჩორაშვილმა მოახერხა ის, რომ 12 წლიანი პაუზისა და შოთა არველაძის ასპარეზობის შემდეგ გახდა პირველი ქართველი, რომელმაც ესპანურ ლა ლიგაში ითამაშა.
მიმდინარე სეზონის დასაწყისში გიორგიმ “ლევანტეს” გულშემატკივრების საყვარელი მოთამაშის ჯილდო მიიღო, რაც ბევრს ამბობს ამ სპორტსმენის, როგორც საფეხბურთო ისე ცხოვრებისეულ ხასიათზე, რადგან მსგავს ჯილდოს მხოლოდ კარგი ფეხბურთელობით ან მხოლოდ მოედნის მიღმა გამორჩეული ქცევით ვერ დაიმსახურებ, საჭიროა ორივეს აკმაყოფილებდე.
ასეთ გამოწვევებით სავსე გზაზე პრობლემა გახდა მისი ეროვნულ ნაკრებში გამოძახების საკითხიც. ვილი სანიოლი მას არ ენდობოდა, რადგან “კასტელონისა” და “ლევანტეს” მეორე გუნდის ხარისხი ეროვნულ ნაკრებში თამაშის დონეს არ აკმაყოფილებდა. ის ყოველთვის ხვდებოდა გაფართოებულ შემადგენლობაში და მოთმინებით ელოდებოდა საკუთარ შანსს.
2021 წელს მან ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ნაკრებზე და გამოწვევებზე ისაუბრა, რომლის გადალახვაც ყველა სფეროსა თუ ინდუსტრიის წარმომადგენელს მოუწევს:
“ბევრი დაბრკოლება მქონია ყოველთვის, სანამ ამ დონემდე მოვიდოდი. წინ ჯერ კიდევ გრძელი გზაა და გააზრებული მაქვს რამდენი წინაღობა მელოდება. რამდენი დაბრკოლებაც შემხვდება იმდენჯერ გადავაბიჯებ, თუკი 7-ჯერ დავეცემი 8-ჯერ ავდგები და როცა რაღაც არ გამომივა პოზიტიურ განწყობას შევინარჩუნებ, რომ ეს მდგომარეობა დროებითია, მოთმინების წყალობით ყველაფერი მალე ისევ კარგად იქნება. ამ დონემდე იმიტომ მოვედი, რომ როცა რაიმე დაბრკოლებას გადავაწყდებოდი უფრო მეტი გონიერებით, მოთმინებით და სიძლიერით ვხვდებოდი. ნაკრებში არ გამოძახებაც მენტალურად იმდენად მზრდის, რომ ამ ფაქტორსაც საკუთარ უპირატესობად ვაქცევ” - განაცხადა ქართველმა ნახევარმცველმა 2021 წელს.
ქოჩორაშვილმა პირველად საქართველოს ნაკრებში ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ 2023 წლის 12 სექტემბერს ითამაშა, რა დროსაც გახდა “კასტელონის” არსებობის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელიც ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს.
ნაკრებში ამ დროისთვის გიორგის მხოლოდ 7 თამაში აქვს ჩატარებული, თუმცა უკანასკნელ ორ სანაკრებო შეხვედრაში მან მთელი ქვეყნის გული მოიგო.
ლუქსემბურგისა და საბერძნეთის ნაკრებთან თამაშებში ქოჩორაშვილმა საოცარი ფიზიკური მომზადება აჩვენა, ჯერ ლუქსემბურგთან 90 წუთი, ხოლო 5 დღეში ბერძნებთან 120 წუთის განმავლობაში ლამის გაუჩერებლად ირბინა და ყველა ბურთზე ბოლომდე იბრძოლა. პენალტების სერიაში კი პირველი მივიდა დასარტყმელად და ისე ცივსისხლიანად შეასრულა, რომ ცხადი იყო ის მუხტი სხვებსაც გადაედებოდათ და საქართველო ამ თამაშს არ წააგებდა.
სეზონის წინ მან განაცხადა, რომ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე თამაში იყო ის გეგმა, რომელზე მეტადაც ვერაფერს ინატრებდა და 26 მარტს საკუთარ თავსა და მთელ ქვეყანას ოცნება აუსრულა.
ალბათ ბევრს ემახსოვრება თამაშის შემდეგ ვილი სანიოლის კომენტარი ქოჩორაშვილთან დაკავშირებით, რომელმაც პირველი დარტყმის შესრულების უფლება ითხოვა და ამით საკუთარ ძლიერ მენტალიტეტს, ხასიათს გაუსვა ხაზი.
2023 წლის სექტემბერში ქოჩორაშვილმა გამოცემა COPE-თან განაცხადა, რომ მას ესპანეთში უფრო იცნობდნენ, ვიდრე საქართველოში, რადგან სამშობლოში ყველაზე დიდი პოპულარობით ხვიჩა კვარაცხელია სარგებლობდა. 26 მარტის შემდეგ ალბათ ყველა ქართველმა იცის ვინ არის გიორგი ქოჩორაშვილი და ყველამ გაიგო როგორი ფეხბურთელი და ადამიანია.
ესპანეთში ფეხბურთისთვის ნაკლებად პოპულარული ქვეყნიდან ჩასული ბიჭი, არის მაგალითი იმისა თუ როგორ უნდა გიყვარდეს ის საქმე, რომელსაც აკეთებ, მან ეს დაამტკიცა საკუთარ თავში რწმენით, სწავლისა და მოსმენის კულტურით და რაც უმთავრესია მოთმინებით. სწორედ მოთმინებაა ის უმთავრესი თვისება თუ უნარი, რამაც დაამკვიდრებინა თავი ქართველ ნახევარმცველს, როგორც ესპანეთის ჩემპიონატში, ისე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.
თვითრწმენამ, ბედისწერაზე არშეგუებამ და სწორმა მენტალიტეტმა გიორგი და საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მოახვედრა. სწორედ იმ ადგილას, რომლისკენაც ჩვენი ქვეყანა მთელი არსებობის მანძილზე ისწრაფვის. ასე, რომ ცნობილი ქართული სიმღერის მიხედვით, თუკი “ზღაპრის ბოლო კეთილია”, მე ვფიქრობ, რომ ქართველებისთვის კეთილი ზღაპარი მხოლოდ ახლა იწყება.