მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალციხეში, კურორტ ურაველში სახელმწიფო ქონება ინდმეწარმემ 336 000 ლარად შეიძინა

ქონება

ახალციხეში, ბალნეო-კლიმატურ კურორტ ურაველში, სახელმწიფო ქონება 336 000 ლარად გაიყიდა.

ქონების ეროვნულმა სააგენტომ, სოფელ ურაველში არსებული 10 543 კვ.მ.-ის ფართობის მიწა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები ელექტრონულ აუქციონზე საპრივატიზაციოდ 14 მარტს გამოიტანა და ქონების საწყისი ღირებულება 106 000 ლარი იყო. უპირობო აუქციონი 28 მარტამდე გაგრძელდა და მაღალი ინტერესის პირობებში 115 ბიჯის შემდეგ ქონება საბოლოოდ 336 000 ლარად გაიყიდა.

საჯარო ამონაწერის მიხედვით სახელმწიფო ქონება ინდმეწარმე არჩილ კაპანაძემ შეიძინა, ასევე ქონების ¼-ის თანამესაკუთრეებად ნიკოლოზ ზედგინიძე, ვასილ მოდებაძე და ოლეგ მოდებაძე არიან.

BM.GE ქონების განვითარების გეგმებთან დაკავშირებით, მფლობელებთან დაკავშირებას შეეცდება და მათ ხედვას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

იმის მიუხედავად, რომ კურორტზე სახელმწიფო ქონება უპირობო აუქციონზე იყიდებოდა, მას თან ერთვოდა ეკონომიკის სამინისტროსა და კურორტების განვითარების სააგენტოს დაკვეთით Colliers Georgia-ს და დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრ „გეოგრაფიკის“ მიერ შემუშავებული სოფელი ურაველის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა. ამ დოკუმენტის დამკვეთები და მისი ავტორები ბალნეო-კლიმატურ კურორტზე, ამ კონკრეტულ ადგილზე, ქონების პოტენციურ მყიდველს სასტუმროს პროექტის განვითარებას სთავაზობენ. მათი დაშვებით, დეველოპმენტის მთლიანი ხარჯი $5.3 მილიონს აღწევს, რომელიც დეველოპმენტის ორწლიან პერიოდზე განაწილდება.

„ვთვლით, რომ მიწის საუკეთესო გამოყენება იქნება იზოლირებული (getaway retreat) სპა სასტუმროს განვითარება, რომელიც მომხმარებელს ექსკლუზიურ დარჩენას, ადგილობრივ სამზარეულოს, ტრანსფორმირებად საკონვენციო და მრავალფეროვან სპა ფუნქციებს შესთავაზებს. შეთავაზებული კონცეფცია გულისხმობს საშუალოზე მაღალი კლასის სასტუმროსა და ტყის ქოხების განვითარებას, რომლის მომხმარებლებადაც განვიხილავთ ადამიანებს, ვისაც სურვილი აქვს მოწყდეს ყოველდღიურ სამყაროს, იზოლირდეს და დაისვენოს კეთილმოწყობილ სასტუმროში სუფთა ჰაერზე, ისარგებლოს სპა და გამაჯანსაღებელი ფუნქციებით, ან/და ჩაატაროს საშუალო/მცირე ზომის ღონისძიება.

პოტენციურად, ამ სასტუმროს ვიზიტორები არიან საქართველოსა და უცხოეთის მოქალაქე წყვილები, სპა და გაჯანსაღების მოყვარული ინდივიდები, საშუალო/საშუალოზე მცირე ზომის ორგანიზაციების თანამშრომლები, რომლებიც გუნდის გაძლიერებისთვის ან/და კონფერენციისთვის ქალაქისგან მოშორებით ეძებენ საუკეთესო ადგილს. არსებული გარემოსა და შეთავაზებული ფუნქციური მიქსის გათვალისწინებით, ასევე ვფიქრობთ, რომ ობიექტი მიმზიდველი იქნება მცირე ზომის ქორწილებისთვისაც.

როგორც აღვნიშნეთ, ობიექტი გარშემორტმულია ტყის მასით, სადაც დღევანდელი მდგომარეობით უკვე არსებობს საფეხმავლო ბილიკები. აქ სეირნობა დამატებითი აქტივობა იქნება სასტუმროს მომხმარებლებისთვის. შესაძლებელია ასევე ამ ბილიკების კეთილმოწყობა, რაც უფრო სასიამოვნო გამოცდილების შემქმნელი იქნება სასტუმროს სტუმრებისთვის“, - აღნიშნავენ კურორტის განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები