მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ახირებაა, რომელიც მაინცდამაინც ჭკვიანური არაა“ - კოტე გაბრიჩიძე „რუსულ კანონზე“

კოტე გაბრიჩიძე

რესტორატორი კოტე გაბრიჩიძე მიიჩნევს, რომ ე.წ. რუსული კანონის ხელახლა ინიცირება ახირებას ჰგავს.

როგორც მან BMG-სთან განაცხადა, კანონპროექტის ახლა ინიცირება შესაძლოა, საზოგადოების ყურადღების გადატანას ემსახურებოდეს.

„სამწუხაროა, რომ ჩვენს პოლიტიკაში სიტყვის კაცობა აღარ ფასობს. რასაც ვიტყვი, ხვალ შემიძლია გადავთქვა. პროპორციული არჩევნები შეჰპირდნენ, ამხელა კაცი იყო ჩამოსული და მერე გადათქვეს თავისი სიტყვა. როდესაც საკუთარ ნათქვამს გადათქვამ, მატყუარა ხარ. ამდენი ხალხი გვეუბნება, რომ ეს კანონი არაა ის, რომელიც აქვთ მიღებული სხვა ქვეყნებში და ძალიან დეტალური განსხვავებებიც არსებობს. მეგობრები გვეუბნებიან, ამ კანონს რაც არ უნდა დაარქვა, არაა კარგი. ეს არის რაღაც ახირება, რომელიც მაინცდამაინც ჭკვიანური არაა. მგონია, რომ ხალხისთვის ტვინის არევისთვის უფრო ხდება, უბრალოდ იმისთვის არის, რომ ხალხს რაღაციდან ყურადღება მოაცილებინონ“,- ამბობს კოტე გაბრიჩიძე.

საქართველოს პარლამენტმა "რუსული კანონი" პირველი მოსმენით მიიღო. "გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს დღეს უყარეს კენჭი, რომელსაც 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი 0-ის წინააღმდეგ.

„ქართული ოცნების“ კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს მიანიჭებს ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ, თუმცა მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საგადასახადო მიზნებისთვის სახელმწიფო ნებისმიერი კომპანიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაციას ისედაც ხედავს, ხოლო ახალი რეესტრის შექმნა და ამ რეესტრისთვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად რეგისტრაცია ორგანიზაციებისა და მედიის სტიგმატიზებას ისახავს მიზნად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები