ახლა მნიშვნელოვანია პროცესის კარგად ორგანიზება, რომ ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო ყველა საჭირო კრიტერიუმი განვითარდეს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ოლაფ შოლცმა კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმანიის მიერ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მხარდაჭერა და განაცხადა, რომ ახლა ქვეყანაში რეფორმების დაჩქარება მნიშვნელოვანია.
„გერმანია საქართველოს 1992 წლიდან უჭერს მხარს მის ტრანსფორმაციაში, სოციალური ეკონომიკის და სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს აშენების გზაზე და ჩვენ ძალიან მჭიდრო პარტნიორები ვართ განვითარების თანამშრომლობის საქმეში. გერმანია თავიდანვე უჭერდა მხარს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროკავშირის პერსპექტივის გახსნის შესახებ და ამიტომაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო თარიღი - 2023 წლის დეკემბერი, როდესაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო.
ახლა მნიშვნელოვანია ამ პროცესის იმდენად კარგად ორგანიზება, რომ ყველა საჭირო კრიტერიუმი წევრობისთვის განვითარდეს. აქ მნიშვნელოვანია სამართლებრივი და ეკონომიკური კრიტერიუმების განვითარება და პირველ რიგში სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატია. ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირში გაწევრიანება არამხოლოდ მთავრობის, არამედ ქართველი ხალხის სურვილია. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ამ პროცესის დაჩქარებას საქართველოს მოქალაქეების სრული უმრავლესობა უჭერს მხარს. მოხარული ვართ, რომ ევროპული ფასეულობებისთვის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.