„ევროკავშირს მსგავსი კანონმდებლობა არ აქვს“ - ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტის კითხვაზე იმის შესახებ თუ რატომ იმედოვნებს გერმანიის კანცლერი, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი საქართველოში არ უნდა მიიღონ, როდესაც ევროკავშირსა და აშშ-ში მსგავსი კანონმდებლობა მოქმედებს.
„არსებობს დისკუსია სხვადასხვა სფეროში ტრანსფარენტულობის გახსნის შესახებ, მაგრამ ეს სრულიად სხვა კონცეფცია გახლავთ, ჯერ არ არის გადაწყვეტილი და დიდი ალბათობით არც გადაწყდება“, - უპასუხა შოლცმა ქართულ მედიას.
საქართველოს პრემიერისა და გერმანიის კანცლერის ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც ბერლინში ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, ოლაფ შოლცმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ამ კანონს არ მიიღებს, რადგან ის არაფრით განსხვავდება იმ კანონპროექტისგან, რომელიც გასულ წელს პარლამენტმა ჩააგდო. კანცლერის გამოსვლის შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „აღნიშნული კანონი შეესაბამება ყველა ძირითად პრინციპს ამ კანონს ცოტა ხნის წინ ევროკომისიამაც დაუჭირა მხარი. გამჭვირვალობას ალტერნატივა არ გააჩნია დემოკრატიულ სახელმწიფოში. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული“.