მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახსნილები ვართ დისკუსიისთვის - კობახიძე "რუსულ კანონზე"

კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გერმანიის ფედერალურ კანცლერთან, ოლაფ შოლცთან უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე ისაუბრა.

კობახიძემ ოლაფ შოლცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ დარწმუნებულია, აღნიშნული კანონი ხელს შეუწყობს ძლიერი დემოკრატიის ჩამოყალიბებას.

განცხადება კობახიძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც ოლაფ შოლცმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს ამ კანონს. კობახიძემ დაადასტურა, რომ კანონპროექტზე ისაუბრეს, თუმცა დასძინა, რომ გამჭვირვალობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ვისაუბრეთ კანონპროექტზე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და მასთან დაკავშირებითაც მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა. აღნიშნული კანონი შეესაბამება ყველა ძირითად პრინციპს ამ კანონს ცოტა ხნის წინ ევროკომისიამაც დაუჭირა მხარი. გამჭვირვალობას ალტერნატივა არ გააჩნია დემოკრატიულ სახელმწიფოში. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ერთადერთი, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს, არის არასახელმწიფო ორგანიზაციების მხრიდან ფინანსების ყოველწლიური გასაჯაროება და აქამდე ვერ მოხდა იმის დასაბუთება, თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გამჭვირვალობის პრინციპი რატომ არ უნდა იქნეს დაცული. მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრად დავინიშნე, გადავწყვიტე, რომ საქართველოს მთავრობის ყველა გადაწყვეტილება იქნას გამოქვეყნებული. აღნიშნული გარემოებების პირობებში, ჩვენ სრული უფლება გვაქვს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს გამჭვირვალობის თვალსაზრისით მინიმალური სტანდარტი მოვთხოვოთ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც უცხოური ქვეყნების ინტერესით მოქმედებენ, ახორციელებენ გარკვეულ ნაბიჯებს და 2020 წლის შემდეგ უკვე იყო 2 შემთხვევა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს არა საპარლამენტო არჩევნების, დემოკრატიული არჩევნების, არამედ ქუჩაში გამოსვლების გზით და დაფინანსება ბოლო წლების განმავლობაში მოხდა, მათ შორის, არალეგალური გზებით, რაც ბოლო პერიოდში ყალიბდება არალეგალურ პრაქტიკად და ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ეს ორგანიზაციები არ არიან დაინტერესებული, რომ გამოაქვეყნონ აღნიშნული ანგარიშები და ხელს უწყობენ საზოგადოების პოლარიზაციას. საქართველოში ყველა პროცესი გამჭვირვალეა, ჩვენ გახსნილები ვართ დისკუსიისთვის. ჰანს კელზენმა ერთხელ აღნიშნა, რომ ფუნქციონირებადი დემოკრატია უნდა ეფუძნებოდეს სამართალს. ეს სხვათა შორის გერმანიაში ვისწავლე. მე დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული კანონი გამჭვირვალობის შესახებ, ხელს შეუწყობს ძლიერი, დასაბუთებული, ფუნდამენტური დემოკრატიის ჩამოყალიბებას“,- განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები