თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია Tav Georgia-ს გენერალური დირექტორის თეა ზაქარაძის განცხადებით, კომპანია აეროპორტის განვითარებისთვის ინვესტირებას 2026-2027 წლებშიც გააგრძელებს. ეს ის პერიოდია, როდესაც კომპანიას აეროპორტის მართვაზე სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების ვადა იწურება.
საკითხთან დაკავშირებით თეა ზაქარაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კითხვას, რა ტიპის კომუნიკაციაა სახელმწიფოსთან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მართვის ხელშეკრულების გაგრძელების საკითხზე, TAV Georgia-ს დირექტორი ასე პასუხობს: “ამ მოლაპარაკებებზე ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ გეტყვით იმას, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რაოდენობის საკმაოდ კარგი მატება გვაქვს. ჩვენ ვმუშაობთ, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ყველანაირი ტრაფიკისთვის მუდმივ მზადყოფნაში იყოს 2026-ში, 2027-შიც და მერეც… შესაბამისად, ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები მხოლოდ აეროპორტის 2027-28 წლებში მზაობის თაობაზე, რომ აეროპორტი მზადყოფნაში იყოს იმ მომატებული ტრაფიკისთვის, იმ მგზავრთნაკადისთვის, რაც დღეს გვაქვს”, - განაცხადა მან და დასძინა: "ჩვენ განვაგრძობთ ინვესტირებას 2026-შიც და 2027-შიც, დანარჩენი კი უკვე როგორც სახელმწიფო გადაწყვეტს”.