2024 წლის 6 თვეში საქართველოში 189 ირანული კომპანია დარეგისტრირდა (შპს და ინდ.მეწარმე), რაც 59.3%-ით ნაკლებია, ვიდრე გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი. აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-ის საქსტატიდან მიაწოდეს.
გთავაზობთ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ კავშირს რიცხვებში:
ვაჭრობა
საქართველოსა და ირანს შორის ვაჭრობამ 2024 წლის 6 თვეში 149.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 10.9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე.
149 მლნ-დან ექსპორტი 13.7 მლნ აშშ დოლარია, იმპორტი კი, 135.6 მლნ აშშ დოლარი.
ექსპორტის ზრდამ 8.3% შეადგინა. TOP-5 საექსპორტო პროდუქტი:
- ხე-ტყის მასალა - 3.5 მლნ აშშ დოლარი;
- ბანანები, პლანტაინების ჩათვლით, ახალი ან გამხმარი - 1.3 მლნ აშშ დოლარი;
- სიმინდი - 1.09 მლნ აშშ დოლარი;
- შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - 1.08 მლნ აშშ დოლარი;
- ხორცი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ახალი ან გაცივებული - 763 ათასი აშშ დოლარი.
ზრდამ 12.7% შეადგინა. TOP-5 იმპორტირებული პროდუქტი:
- ნახშირბადიანი ფოლადის წნელები - 40.06 მლნ აშშ დოლარი;
- კერამიკული მოსაპირკეთებელი ფილები - 12.1 მლნ აშშ დოლარი;
- პოლიმერები ეთილენისა, პირველადი ფორმებით - 11.2 მლნ აშშ დოლარი;
- კუთხოვანები, ფასონური და სპეციალური პროფილები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 8.03 მლნ აშშ დოლარი ;
- წნელები ცხლად ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 5.4 მლნ აშშ დოლარი.
ტურიზმი
2024 წლის ორ კვარტალში საქართველოში ირანის 10.3 ათასი მოქალაქე შემოვიდა, რაც 10.6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
გასულ წელს სამხრეთ აზიიდან განხორციელებული ვიზიტების ნახევარზე მეტი, 55% სწორედ ირანზე მოდიოდა. კერძოდ, 2023 წელს ირანიდან 126 282 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 23%-ით აღემატება.
ირანიდან ყველაზე მეტი, 291 070 ვიზიტი, 2018 წელს განხორციელდა. გასული წლების სტატისტიკა კი ასეთია:
- 2019 წელი - 141 997 ვიზიტი;
- 2020 წელი - 17 053 ვიზიტი;
- 2021 წელი - 18 549 ვიზიტი;
- 2022 წელი - 102 877 ვიზიტი;
- 2023 წელი - 126 282 ვიზიტი.
ფულადი გზავნილები
ირანიდან საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა უმნიშვნელოა. 2023 წელს 233 200 აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2012 წლიდან მოყოლებული, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, წლიურ ჭრილში კი 216%-იან ზრდას წარმოადგენს. გასული 6 წლის განმავლობაში ირანიდან გზავნილები 100 000 დოლარზე ნაკლები იყო.
ინვესტიციები
საქსტატის მონაცემებით, ირანიდან საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიცია პირველად 2006 წელს განხორციელდა. ყველაზე დიდი მოცულობის, 8.2 მილიონი აშშ დოლარის ირანული ინვესტიცია 2018 წელს შემოვიდა. 2023 წელს ირანიდან საქართველოში მხოლოდ 1.04 მილიონი აშშ დოლარის FDI შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 81%-ით ნაკლებია.
ირანიდან საქართველოში შემოსული ინვესტიციები გასული 5 წლის სტატისტიკა ასე გამოიყურება:
- 2019 წელი - $3.6 მლნ;
- 2020 წელი - $1.1 მლნ;
- 2021 წელი - $1.2 მლნ;
- 2022 წელი - $5.4 მლნ;
- 2023 წელი - $1.04 მლნ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თეირანში ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრო, რომელიც მეჯლისში (ირანის პარლამენტში) ჩატარდა.
იქამდე, ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად თეირანში 22 მაისსაც ჩავიდა. სწორედ რაისის ტრაგიკულ გარდაცვალებას მოჰყვა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები.
დღესვე გახდა ცნობილი, რომ თეირანში იმავე დაკრძალვაზე მყოფი პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ჰამასის პოლიტიკური ლიდერი, 61 წლის ისმაილ ჰანიე მოკლეს.




























