მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახლად რეგისტრირებული იტალიური საწარმოები 60%-მდე შემცირდა - ეკონომიკური კავშირი რიცხვებში

იტალია

მჭიდრო თანამშრომლობა იტალიასა და საქართველოს შორის, არსებული ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები და ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაძლიერება, საინვესტიციო შესაძლებლობები და საქართველოს განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის პერსპექტივები - სამინისტროს ცნობით, ეს და სხვა საკითხები განიხილა იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ'ანტუონომ საქართველოს ფინანსთა მინისტრთან, ლაშა ხუციშვილთან შეხვედრაზე.

bm.ge-სთვის სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 6 თვეში ქვეყანაში 23 იტალიური კომპანია დარეგისტრირდა, რაც გასული წლის იანვარ-ივნისის მონაცემებზე 59.7%-ით ნაკლებია.

რეგისტრირებული საწარმოებიდან 12 შპს-ა, 11 კი ინდივიდუალური მეწარმე.

ვაჭრობა

საქართველოსა და იტალიას შორის 2024 წლის 6 თვეში გასული წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით სავაჭრო ბრუნვა 11.4%-ით გაიზარდა და 219.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

აქედან წელს ექსპორტმა $19.5 მლნ შეადგინა, ხოლო იმპორტმა 200.4 მლნ აშშ დოლარი.

ექსპორტის ზრდამ წლის პირველ ნახევარში 24.9% შეადგინა. TOP-5 საექსპორტო პროდუქტი:

  1. ფეროშენადნობები - $5.2 მლნ;
  2. შავი ლითონისგან დამზადებული მილები, მილაკები და ღრუ პროფილები - $3.7 მლნ;
  3. თხილი და სხვა კაკალი - $1.8 მლნ;
  4. მინერალური, ქიმიური და აზოტოვანი სასუქები - $1.6 მლნ;
  5. ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - $1.3 მლნ.

წლის დასაწყისიდან იტალიიდან იმპორტი 10.4%-ით გაიზარდა . TOP-5 იმპორტირებული პროდუქტი:

  1. მსუბუქი ავტომობილები - $10.3 მლნ;
  2. ჭურჭლის სარეცხი მანქანები - $8.08 მლნ;
  3. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $6.6 მლნ;
  4. ავეჯი და მისი ნაწილები - $6.3 მლნ;
  5. ცოცხალი მცენარეები, კალმები და გადანაწვენები - $6.1 მლნ.

ფულადი გზავნილები

იტალიაში ქართველი ემიგრანტების დიდი რაოდენობის გამო, ქვეყანა მუდმივად მოწინავეა ფულადი გზავნილების კომპონენტში. გასულ წელს, იტალიიდან საქართველოში 518.5 მლნ აშშ დოლარი ჩაირიცხა, რითაც ქვეყანა 2 ადგილზე იყო რუსეთის შემდეგ. გასულ თვეში კი, გადმორიცხულმა თანხამ 45.8 მლნ შეადგინა. 6 თვის ჭრილში კი, ჯამურად 275.8 მლნ ჩაირიცხა.

FDI

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით, გასულ წელს იტალიური ინვესტიციების გადინება დაფიქსირდა, რამაც -2.3 მლნ შეადგინა. ამ კუთხით მაქსიმუმი 8.3 მლნ აშშ დოლარი კი 2017 წელი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები