მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ახლად შექმნილი ცენტრალური შემსყიდველი ორგანო 109 ადამიანს დაასაქმებს, ბიუჯეტი 8.7 მლნ ლარი იქნება

მთავრობის ადმინისტრაცია კანცელარია მთავრობა

საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომლითაც 2026 წლის პირველი ივნისიდან ამოქმედებული ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს ბიუჯეტს და საშტატო შემადგენლობას აკომპლექტებს. უწყება კანონმდებლობის ცვლილების საფუძველზე შეიქმნა და მას მსხვილი სახელმწიფო ტენდერების განხორციელება დაევალა.

მთავრობის განკარგულების თანახმად, 2026 წელს ამ სააგენტოს ბიუჯეტი 8.7 მილიონი ლარი იქნება, საიდანაც 3.7 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს იმ 109 ადამიანის ხელფასებზე, რომლებიც სააგენტოში დასაქმდებიან.

სააგენტოს უფროსი, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით უცნობია თვეში 12,000 ლარის ანაზღაურებას მიიღებს. მას ეყოლება სამი მოადგილე, რომელთა ანაზღაურებაც 11,600 ლარით განისაზღვრება. ასევე უწყებას ექნება ხუთი დეპარტამენტი, დეპარტამენტების უფროსების ანაზღაურება კი თვეში 9,600 ლარი იქნება.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ლევან ჟორჟოლიანის განცხადების თანახმად, ცენტრალიზებული შემსყიდველი ორგანო წლის ბოლომდე 200 მილიონ ლარამდე შესყიდვას განახორციელებს.

„ვფიქრობთ, წლის ბოლომდე 200 მილიონამდე ღირებულების საქონლისა და მომსახურების შესყიდვას შეძლებს აღნიშნული ორგანო. გარდა ამისა, შესყიდვებს, რომელთა ღირებულება აღემატება 500 ათას ლარს და რომლის განხორციელებაც სურთ სამინისტროებს, სსიპ-ებს თუ სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებს, მათ შორის მუნიციპალიტეტებს, განახორციელებს ცენტრალიზებული შესყიდვების უწყება“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ასევე ისაუბრა ბაზრის კვლევის ელექტრონულ მოდულზე, რომელიც პირველი იანვრიდან ამოქმედდა და აღნიშნა, რომ ეს მექანიზმი მაქსიმალურად აზღვევს კომპანიებს შორის წინასწარ გარიგებებს.

„ასევე მაქსიმალურად დაზღვეულია გარიგებები შემსყიდველის წარმომადგენელსა და კომპანიებს შორისაც. ეს არის აბსოლუტურად კონფიდენციალური პროცესი. შემსყიდველი ვერ ხედავს შემოთავაზებულ ფასებს, ვიდრე არ დასრულდება შემოთავაზების ვადა, შესაბამისად, მანიპულაციების დრო და საშუალება თითქმის არ არსებობს. ეს არის ეფექტიანობის დეპარტამენტისა და შესყიდვების სააგენტოს ერთობლივი პროექტი, ხოლო ეფექტიანობის დეპარტამენტმა 2025 წლის ივნისიდან დღემდე უკვე მოახერხა თითქმის ნახევარი მილიარდი ლარის დაზოგვა“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები