საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, თუ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი მოკლევადიანი იქნება, საქართველოს ეკონომიკა წელს 5.3%-ით გაიზრდება, ხოლო საშუალოვადიან პერსპექტივაში 5%-ს, თავის პოტენციური ზრდის ტემპს დაუახლოვდება.
IMF-ის მისიამ, რომელსაც ალეხანდრო ჰაჟდენბერგი ხელმძღვანელობდა, გასული ორი კვირის განმავლობაში საქართველოს მთავრობასთან გამართული შეხვედრები შეაჯამა და საქართველოს ეკონომიკასთან დაკავშირებით შეფასება წარმოადგინა.
სავალუტო ფონდის შეფასების თანახმად, ახლო აღმოსავლეთის ომის ეკონომიკურ აქტივობაზე გავლენა ჯერ ძირითადად მხოლოდ ტურიზმს შეეხო და კონფლიქტის გამწვავება ტურისტულ ნაკადებზე ნეგატიურად აისახება, თუმცა IMF-ში არც იმას გამორიცხავენ, რომ ირანში სამხედრო ოპერაციის გახანგრძლივებამ ფინანსური და ტურისტული ნაკადები საქართველოსკენ გადმოამისამართოს.
IMF-ის დოკუმენტში ასევე ისიცაა აღნიშნული, რომ ევროკავშირთან ურთიერთობის გამოწვევები შესაძლოა აისახოს ინვესტორთა განწყობაზე და ასევე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებაზე.
“მომავალი პერსპექტივა მაღალი გაურკვევლობით ხასიათდება და, დიდწილად, საგარეო ვითარებაზეა დამოკიდებული. ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამწვავებამ, შესაძლოა, მეტად დააზიანოს ტურისტული ნაკადები ისრაელიდან და ყურის ქვეყნებიდან, გაზარდოს ინფლაცია და გაამკაცროს ფინანსური პირობები. თუმცა, უფრო ხანგრძლივი კონფლიქტის ვითარებაში, შესაძლოა ფინანსური და ტურისტული ნაკადების საქართველოსკენ გადმომისამართება მოხდეს და შუა დერეფანში ტრანზიტი გაიზარდოს. უკრაინაში მშვიდობის შეთანხმების მიღწევამ შესაძლოა გადაწონოს მიგრაციით, ფინანსური შემოდინებით და ტრანზიტული ვაჭრობით მიღებული გარკვეული სარგებელი, თუმცა, ეს თავის მხრივ ხელს შეუწყობს ფართო რეგიონის სტაბილურობას და ნდობას. აგრეთვე, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებამ შეიძლება ახალი სავაჭრო გზები გააჩინოს, საქართველოს გვერდის ავლით, თუმცა ეს მთლიანი რეგიონისთვის მეტი ინვესტიციის მოზიდვის საშუალებას ნიშნავს.
ევროკავშირთან ურთიერთობის გამოწვევები შესაძლოა აისახოს ინვესტორთა განწყობაზე და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებაზე, ხოლო არაბთა გაერთიანებული საამიროების ინვესტორის მიერ დაგეგმილი 6.6 მილიარდი აშშ დოლარის უძრავი ქონების პროექტი წარმოადგენს მნიშვნელოვან დადებით ფაქტორს ეკონომიკის ზრდისა და დასაქმებისთვის“, - წერია დღეს გავრცელებულ პრესრელიზში.
რაც შეეხება ინფლაციაზე გავლენას, IMF-ში აცხადებენ, რომ ინფლაციური წნეხი განსაკუთრებით კონფლიქტის დაწყების შემდეგ გაიზარდა, თუმცა საბაზო ინფლაცია დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება.
„2025 წლის ბოლოს, სამომხმარებლო ფასების ინფლაციამ 4 პროცენტი შეადგინა, ხოლო მარტში 4.3%-მდე მოიმატა, რაც იმპორტირებული საკვებისა და ნავთობის ფასების ზრდას ასახავს, რაც, ნაწილობრივ, ახლო აღმოსავლეთის ომთან არის დაკავშირებული. ამასთან, საბაზო ინფლაცია საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მიზნობრივ 3%-ზე დაბლა ნარჩუნდება. 2026 წლის პირველ ნახევარში, ინფლაციის მაღალ დონეზე შენარჩუნებაა მოსალოდნელი, რაც განპირობებულია საწვავის და ელექტროენერგიის ფასების ზრდით, ხოლო 2027 წლის შუა პერიოდში ინფლაცია სამიზნე მაჩვენებლამდე შემცირდება, რადგან სურსათისა და ელექტროენერგიის ფასების ზრდის ერთჯერადი ეფექტი მიილევა, მოთხოვნა შემცირდება და გამოშვების გაპი დაიხურება“, - წერია IMF-ის დოკუმენტში.




























