მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველოს ეკონომიკა გარედან მტერს უბრმავებს თვალს და შიგნიდან მოყვარეს" – რა ამუშავებს ქართულ ეკონომიკას?

ზაზა ბროლაძე

ეკონომისტ ზაზა ბროლაძის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა ძალიან მოწყვლადია. "საქართველოს ეკონომიკა, როგორც იტყვიან, გარედან მტერს უბრმავებს თვალს და შიგნიდან მოყვარეს, ანუ თითოეულ ჩვენთაგანს", - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში და იქვე დასძინა, რომ ბოლო წლებში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდა, ძირითადად, სწორედ საგარეო ფაქტორებით გამოწვეული ე.წ. „დადებითი შოკების“ შედეგია.

ეკონომისტი გულისხმობს რუსეთ-უკრაინის ომს და ასევე, არ გამორიცხავს, რომ იგივე ეფექტი გამოიწვიოს ახლო აღმოსავლეთის ომმაც.

„რუსეთ-უკრაინის ომის გამო ქვეყანაში განხორციელდა კაპიტალის სერიოზული შემოდინება, რამაც მოკლევადიანი ზრდის ეფექტი მოგვცა. ასევე, ახლო აღმოსავლეთში და ჩვენს ისტორიულ სამეზობლოში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმაც შესაძლებელია, „დადებითი შოკის“ სახე მიიღოს და პოზიტიური ფაქტორი გახდეს საქართველოს ეკონომიკისათვის. როგორც ან როცა არ უნდა დასრულდეს ომი ირანთან, აშკარაა, რომ ჰორმუზის სრუტე დიდი ხნის განმავლობაში დამოკლეს მახვილი იქნება მსოფლიო ეკონომიკისათვის და როგორც შუა დერეფნის, ასევე ანაკლიის როლი ერთიათად გაიზრდება. ამას უნდა მივაწეროთ გააქტიურებული საერთაშორისო კონტაქტები საქართველოსთან მიმართებით და ამ ფონზე“, - განაცხადა ზაზა ბროლაძემ.

ეკონომისტის შეფასებით, ის, რომ ამჟამად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არ გვაქვს, ჩვენი ქვეყნის ინტერესებისათვის ეკონომიკური საბოტაჟია.

"ახლა რუსთაველი აქტუალურია და გავიხსენოთ მისი ერთი გენიალური ფრაზა, ”დგომა მგზავრისა ცდომაა“. დიახ, 10 წელზე მეტია ჩვენ უკეთეს შემთხვევაში ერთ ადგილას ვდგავართ, თუ უკან არ მივდივართ და ვკარგავთ უძვირფასეს დროს, ხელიდან ვუშვებთ უნიკალურ შესაძლებლობებს. არავინ იცის კიდევ როდის გაიღება მსგავსი შესაძლებლობების ფანჯარა, რაც საქართველოს ამჟამად გააჩნია, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე - არასდროს! ამჟამად მსოფლიო ეკონომიკისათვის იმდენად სასიცოცხლოდ აუცილებელია როგორც ზანგეზურის, ასევე საქართველოს სატრანსპორტო დერეფნები, მათ შორის ანაკლიის მიმართულებით, რომ არავინ არ მისცემს საქართველოს დე-ფაქტო მთავრობას, ან დრო გაწელოს, ან კიდევ ერთხელ ჩააგდოს ანაკლიის პროექტი ჩვენი ჩრდილოეთ მეზობლის კარნახით“, - განაცხადა ზაზა ბროლაძემ.

„წერტილთან“ ინტერვიუში ეკონომისტმა იმის საილუსტრაციოდ, რომ ეკონომიკა საკმაოდ მოწყვლადია და „სიღრმე არ აქვს“, საქართველოს ექსპორტის სტრუქტურა განიხილა.

"ტრადიციულად სასაქონლო ექსპორტის ლიდერი არის ავტომობილების ექსპორტი. ასევე, ბოლო წლებში მომსახურების ექსპორტში გალიდერდა „სატელეკომუნიკაციო, კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურება“. ანუ უცხოელმა რომ შეხედოს ამ სტატისტიკას, იტყვის - ეს რა განვითარებული ქვეყანაა საკუთარი ავტოინდუსტრიით და განვითარებული ICT სექტორითო, თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ არის.

კარგად ვიცით, რომ ავტომობილების ექსპორტი, ფაქტობრივად, რე-ექსპორტია. ანუ, იმპორტირებული ავტომობილები გაგვაქვს მესამე ქვეყნებში, ძირითადად, რუსეთში. ამასთან, უკანასკნელ წლებში, უცხოეთის მოქალაქეებმა თითქმის სრულად მოიცვეს ავტომობილების დილერშიპი, ტრანსპორტირება და საკუთარი პროფილაქტიკებიც კი აქვთ გახსნილი. აქედან ჩვენს ეკონომიკაში რჩება მიზერი, თითქმის არაფერი. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ისინი გადასახადების გადახდას თავს არიდებენ.

ანალოგიური სიტუაციაა ICT სექტორშიც. ძალიან კარგია, რომ ბევრი ICT კომპანია შემოვიდა ქვეყანაში, თუმცა (ამაზე წინასწარი შეთანხმებაც არსებობს), ისინი საქართველოს ეკონომიკისათვის პროდუქტებს არ ქმნიან და ქვეყანას, ფაქტობრივად, ოფისად იყენებენ. ვინმემ იცის ეს კომპანიები რას საქმიანობენ, ან მათი შექმნილი პროდუქტი ვინმეს უნახავს? ამას შეიძლება „კვერცხის ნახარშის ეფექტი“ დავარქვათ ანუ ვყიდულობთ კვერცხს X ფასად და ისევ X ფასად ვყიდით და ჩვენ გვრჩება კვერცხის ნახარში“, - განმარტავს ეკონომისტი ზაზა ბროლაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები