ტურისტული კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში გაუქმებული ფრენების და ჯავშნების ფონზე, ტურების უმეტესობა ეგვიპტესა და ევროპის ქვეყნებზე გადამისამართდა.
როგორც Check in Travel-ში BMG‑ის განუცხადეს, მომხმარებლების მხრიდან ერთგვარი პანიკური მიმართვიანობა აშშ-ისრაელისა და ირანის კონფლიქტის დაწყების პირველ დღეებში იყო, თუმცა მოგვიანებით ჯავშნების დიდი ნაწილი ალტერნატიულ მიმართულებებზე გადაერთო.
კომპანიის დირექტორის, ლევან ოსეფაიშვილის თქმით, ავიარეისების გაუქმების შემთხვევაში მომხმარებელს სრულად უბრუნდება გადახდილი თანხები.
“ამბის დაწყებიდან [ახლო აღმოსავლეთის ომის] პირველ რიგში, მომხმარებლებისგან პანიკა წამოვიდა. რა თქმა უნდა, კითხვები გაერთიანებულ საამიროებს, კატარს ეხებოდა, ეს ქვეყნები იყო ყველაზე ცხელი წერტილი, მაგრამ ასევე იყო კითხვები სხვა მიმართულებითაც, თუნდაც ეგვიპტე, ასევე ის მიმართულებები, სადაც დოჰა და დუბაი გამოიყენებოდა ტრანზიტად. მაგრამ ახლა შემიძლია გითხრათ, რომ შედარებით დასტაბილურდა სიტუაცია. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დოჰაში და ასეთ მიმართულებებზე ყველამ ვიცით, რომ გაუქმდა რეისები, პრაქტიკულად თითქმის მარტის ბოლომდე არის გაუქმებული და ხდება უკვე სხვა მიმართულებებზე გადაჯავშნა. ძირითადად ეს ნაწილი გადმოვიდა ევროპის მხარეს, ეგვიპტის მიმართულებითაც აქტიურად ხორციელდება ჯავშნები.
ეგვიპტის მიმართულებით იყო 1-2 ტური, რომელიც გაუქმდა, მაგრამ შემდეგ მომხმარებლებმა ისევ თავიდან დაჯავშნეს, რადგან მიხვდნენ, რომ იქ სიმშვიდეა, სიწყნარეა, არაფერი არ ხდება საერთოდ. მაგრამ ძირითადი ნაწილი მაინც გადავიდა, რა თქმა უნდა, ევროპის მიმართულებით. იყო შეთავაზებული რამდენიმე ვარიანტი, როგორ სურდათ თვითონ, რა მიმართულება იყო შედარებით უფრო უსაფრთხო და მგზავრებთან კომუნიკაციის თანხვედრით გადავანაწილეთ სხვადასხვა მიმართულებებზე
რა თქმა უნდა, როდესაც უქმდება რეისები, ავტომატურად ბრუნდება თანხებიც და მომხმარებელს არც ერთი ცენტი არ დაუკარგავს, არც ერთი თეთრი, სრული თანხის ანაზღაურება მოხდა. გარკვეულ ვადებთან არის დაკავშირებული, შეიძლება იყოს დაახლოებით ერთი კვირა ან 10 დღე მაქსიმუმ, მაგრამ მომხმარებელს ყველა თანხა უბრუნდება სრულად”, - განაცხადა ლევან ოსეფაიშვილმა.




























