ახლო აღმოსავლეთში ომის გამო სპარსეთის ყურის ქვეყნების საჰაერო სივრცის შეზღუდვამ რუსეთის მოქალაქეებისთვის საერთაშორისო ტრანზიტული მარშრუტების მესამედი მიუწვდომელი გახადა - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია ავრცელებს (ATOR).
ATOR-ის თანახმად, “2025 წლის ბოლოსთვის 19,58 მილიონმა რუსეთის მოქალაქემ საჰაერო გზით დატოვა ქვეყანა. რუსეთიდან შესრულებული საერთაშორისო რეისებიდან თითქმის ყოველი მეოთხე დუბაის ან სტამბოლის მიმართულებით იყო. არაბთა გაერთიანებული საამიროები სამი ყველაზე პოპულარული მიმართულებიდან ერთ-ერთი იყო და ამ მიმართულებით პირდაპირი ფრენების 11,5%-ს შეადგენდა, ხოლო სპარსეთის ყურეს ყველა ქვეყნის მიმართულებით, ჯამში, რუსეთიდან შესრულებული პირდაპირი რეისების 30–35% მოდიოდა”.
ცნობისთვის, 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მრავალი საერთაშორისო მიმართულებით ფრენების შეჩერების გამო, რუსეთიდან სპარსეთის ყურის ქვეყნებში სატრანზიტო მიზნით მგზავრთა ნაკადი მკვეთრად გაიზარდა. ამჟამად, რუსი მოგზაურებისთვის ტრანზიტის მიზნით კვლავ ღიაა 15 ქვეყანა, სადაც რუსეთის აეროპორტებიდან პირდაპირი ფრენები სრულდება, მათ შორის საქართველოც. ესენია: აზერბაიჯანი, ალჟირი, სომხეთი, ვიეტნამი (ჰანოი), საქართველო, ეგვიპტე (კაირო), იორდანია, ყაზახეთი, ჩინეთი, მაროკო, სერბეთი, ტაილანდი (ბანგკოკი), თურქეთი (სტამბოლი), უზბეკეთი (ტაშკენტი) და ეთიოპია.
ATOR-ის მონაცემებით, ტრანზიტული ფრენების ოდენობით პირველ ადგილზე თურქეთია, საერთო ფრენების ჯამში 35%. რუსეთიდან საქართველოს გავლით შესრულებული ტრანზიტული ფრენების შესახებ კი დეტალური სტატისტიკური მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი.
თუმცა, ცნობილია, რომ 2025 წლის მონაცემებით, რუსების მიერ მოგზაურობის მიზნით არჩეულ ქვეყნებს შორის საქართველო მერვე ადგილზეა და სტაბილურ პოზიციას ინარჩუნებს რუსეთიდან ტურისტული ნაკადების მკვეთრი ცვლილებების მიუხედავად. საქსტატის მონაცემებით კი, 2025 წელს 11%-იანი ზრდით ტურისტების რაოდენობით საქართველოში რუსეთი ლიდერობდა, საიდანაც ჯამში 1 579 764 ვიზიტი შედგა.
რაც შეეხება საჰაერო გზით ვიზიტებს, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2025 წლის გადაყვანილი მგზავრების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, რუსეთის წილი საერთო მგზავრების რაოდენობაში 13,53% იყო, ჯამში 1 141 385 მგზავრი. რუსეთიდან საქართველოში ფრენები შემდეგი აეროპორტებიდან სრულდება, შერემეტიევოს საერთაშორისო აეროპორტი (მოსკოვი), დომოდედოვო (მოსკოვი), ვნუკოვო (მოსკოვი), პულკოვო (სანქტ-პეტერბურგი), კრასნოდარის საერთაშორისო აეროპორტი, პლატოვის აეროპორტი (როსტოვი-ნა-დონუ), სოჭის საერთაშორისო აეროპორტი, მინერალნიე-ვოდის აეროპორტი (სტავროპოლის მხარე).




























