გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილის განცხადებით, აკვაკულტურის ხელშეწყობა ახალ შესაძლებლობებს გააჩენს და ინვესტორებს მოიზიდავს. ამის შესახებ მან საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ქვეყანაში სამელიორაციო მომსახურების გაუმჯობესებასა და აკვაკულტურის განვითარებაზე საუბრისას განაცხადა.
„რაც შეეხება წყალსაცავების, სარწყავი და დამშრობი სისტემების მოდერნიზებისა და რეაბილიტაციის სამუშაოებს, ვფიქრობთ, 50 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე 70 000 ფერმერული მეურნეობისათვის შევძლებთ სამელიორაციო მომსახურების გაუმჯობესებას. ამ მიმართულებით განსაკუთრებით საინტერესოა ილტოზე საირიგაციო დანიშნულების წყალსაცავის პროექტირება და მშენებლობის სამუშაოების დაწყება. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული წყალსაცავი კახეთში 40 ათას ჰექტარზე მეტ მიწის ფართობზე გარანტირებულად გაზრდის წყალუზრუნველყოფის ხარისხს, რაც სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულ 50 ათასზე მეტი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაზე იქონიებს გავლენას.
მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება აკვაკულტურის განვითარების ხელშეწყობაზეც. აკვაკულტურის წარმოების ზრდის ხელშეწყობა გააჩენს ახალ შესაძლებლობებს და მოიზიდავს ინვესტორებს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.