ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ ევროატლანტიკურ კურსზე დაბრუნების გარეშე, გამორიცხულია, საქართველოსთვის გათვალისწინებული ფინანსური მხარდაჭერა სხვა ქვეყნებზე არ გადანაწილდეს. BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ "რუსული კანონის" ნეგატიურ შედეგებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ საქართველოს შემთხვევაში, ეს არ იქნება პირველი შემთხვევა. ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა 2002-2003 წლის მოვლენები გაიხსენა, როდესაც აშშ-მა საქართველოს ფინანსური მხარდაჭერა შეუმცირა.
"2002-2003 წლებში აშშ-მა დახმარება გაუყინა საქართველოს და ის სხვა ქვეყნებზე გადაამისამართა, ვინაიდან საქართველოში მაშინ კორუფციის და ორგანიზებული დანაშაულის დონე იყო ძალიან მაღალი და დემოკრატიზაციის კუთხითაც სერიოზული პრობლემები იყო. ეს პირდაპირ აისახება, პირველ რიგში, ინვესტორების დამოკიდებულებასა და განწყობებზე და პირდაპირ იქნება გზავნილი დონორებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის. ისინი კარგად კოორდინირებენ ერთმანეთთან და აშშ-ს სერიოზული სიტყვა ეთქმის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში. IMF-ის პროგრამა უკვე შეჩერებულია და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიც თუ მიიღებენ ასეთ გადაწყვეტილებას, საქართველოს არ აქვს რესურსი {გაუძლოს}... დღეს ლარი კბილით უჭირავთ, ჩვენს რეზერვებში არ არის ამდენი $60 მლნ”, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
აშშ საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გადახედვას არ გამორიცხავს. კერძოდ, როგორც გასულ კვირას სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, დაახლოებით 390 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური დახმარება დაიგეგმა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რაც ახლა გადახედვის პროცესშია.
აღსანიშნავია, რომ აშშ-მა საქართველოსთვის ქვეყანაში შექმნილი ვითარების და მთავრობის ქმედებების გამო, ფინანსური დახმარების შემცირების გადაწყვეტილება 2003 წელსაც მიიღო. როგორც მაშინ Eurasianet.Org-ი წერდა, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ვაშინგტონისთვის თბილისის მხარდაჭერა 2004 წელს 100 მლნ დოლარიდან შეუმცირდებოდა, თუმცა ზუსტი რიცხვი არ დასახელდა. ერთადერთი, რაც მაშინ ცნობილი გახდა, იყო ის, რომ აშშ-მა გაყინა $34-მილიონიანი დახმარება ენერგოსექტორის სხვადასხვა პროექტის მისამართით, ვინაიდან საქართველოს მაშინდელი მთავრობა არ იყო რეფორმების ერთგული და კორუფციას საკმარისად არ ებრძოდა. ასევე, მაშინ გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს შესაძლოა მოხდა იმის გამო, რომ საქართველომ გააფორმა შეთანხმება რუსულ ენერგოგიგანტ RAO Unified Energy Systems-სთან, რომლის მიხედვითაც, საქართველომ ენერგოინფრასტრუქტურის დაახლოებით 50%-ზე, ფაქტობრივად, კონტროლი დაკარგა.
“მე ისინი დავარწმუნე, რომ ცალკეულ შემთხვევებში ისინი არ იყვნენ მართლები, და ზოგიერთი მათი დასკვნა იყო მოუმწიფებელი. ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება”, - განუცხადა მაშინ პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ აშშ-ის გადაწყვეტილების შესახებ „იმედის“ ტელევიზიას.