მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ალგანის" ოფისში ყალბი არაყის წარმოებისა და გაყიდვის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა - პროკურატურა

პროკურატურა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ფალსიფიკაციის, დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული საქონლის, ასევე დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული პროცესუალური მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ 2025 წლის ოქტომბრიდან 2026 წლის 16 იანვრის ჩათვლით პერიოდში, რუსთავში მდებარე შპს „ალგანი“-ს ოფისში ბრალდებულებმა შემდგომი რეალიზაციის მიზნით შექმნეს:

  • 1 284 ცალი ყალბი აქციზური მარკა;
  • 210 ბოთლი სხვადასხვა დასახელების ფალსიფიცირებული არაყი, რომლის საბაზრო ღირებულება 6 241 ლარს შეადგენდა.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა პროდუქციის ნაწილი, 126 ბოთლი ფალსიფიცირებული არაყი 3 478 ლარის ღირებულებით, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში გაასაღეს, რაც სამართალდამცველებმა ამოიღეს. ასევე, შპს „ალგანი“-ს ოფისისა და ერთ-ერთი ბრალდებულის ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა დამატებით 84 ბოთლი, რომლის საბაზრო ღირებულება 2 766 ლარს შეადგენდა.

სამართალდამცველებმა ორი ბრალდებული 16 იანვარს დააკავა. სამ პირს ბრალდება წარედგინათ:

  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნით ნიშანდებული საქონლის წარმოება და სამოქალაქო ბრუნვაში შეტანა, წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ);
  • 197-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ფალსიფიკაცია, ნივთის თვისების შეცვლა მოტყუებით, რაც შესაძლოა საფრთხე შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას);
  • 2001-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ყალბი აქციზური მარკების დიდი ოდენობით დამზადება და გასაღება წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ).

შესაბამისი სასჯელის სახე და ზომა 5–7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მოიცავს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის სასამართლოს მიმართავს შესაბამისი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით. გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება.

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, დაცვის კომპანია „ალგანის“ ოფისში ბრენდულ არყებს - Stolichnaya-ს, Nemiroff-ს, Black Sea-ს, Filandia-ს, Talka-ს, Koskenkorva Vodka-ს, Parliament-ს და Gray Goose-ს აწარმოებდნენ და ასევე ყალბ აქციზურ მარკებს ბეჭდავდნენ. კოორდინირებული მუშაობით, უწყებამ 204 ბოთლი ფალსიფიცირებული არაყი, 402 ჩამოსასხმელად გამზადებული არყის ბოთლი და 1 053 ცალი ყალბი აქციზური მარკა ამოიღო. უწყების ცნობით, ალკოჰოლური სასმელი ქვემო ქართლში მარკეტებსა და კვების ობიექტებში იყიდებოდა. სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ფალსიფიცირებული საქონლის დამზადებისა და დიდი ოდენობით ყალბი აქციზური მარკების დამზადება-გამოყენების ბრალდებით ორი პირია დაკავებული. კომპანია "ალგანმა" რუსთავის ოფისში არყის ფალსიცირებასა და ყალბი აქციზის დამზადებაზე, განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ამ კონკრეტულ მისამართზე განხორციელებული ქმედებები კომპანიის საქმიანობას არ უკავშირდება და ეს მათგან დამოუკიდებლად ხდებოდა. ამასთან, "ალგანის" ინფორმაციით, დაკავებულებიდან ერთი მათი თანამშრომელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები