მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ალიევმა და ერდოღანმა რვა თვეში აშენებული ფიზულის საერთაშორისო აეროპორტი გახსნეს

617846001d465
თამთა ჯიჯავაძე
26.10.21 23:50
3483
აზერბაიჯანის ქალაქ ფიზულის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც რვა თვეში აშენდა, უკვე ოფიციალურად გაიხსნა. ინაუგურაციის ცერემონიალს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და მისი თურქი კოლეგა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანი უძღვებოდნენ. ამის შესახებ თურქული მედია იუწყება.

ცნობისთვის, ფიზული მთიანი ყარაბაღის მეზობლად მდებარეობს და ის ოფიციალური ბაქოს კონტროლს დაექვემდებარა მას შემდეგ, რაც გასულ წელს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას მოეწერა ხელი.

ფიზულის აეროპორტის მშენებლობას საფუძველი ალიევმა წლის დასაწყისში ჩაუყარა. აეროპორტიდან პირველი სატესტო ფრენა კი 22 აგვისტოს შესრულდა.

აღსანიშნავია, რომ აეროპორტის ასაფრენი ზოლი 3000 მეტრის სიგრძის და 60 მეტრი სიგანისაა. მის ტერმინალს საათში 200 მგზავრის მომსახურების შესაძლებლობა აქვს.

როგორც თურქული მედია წერს, საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) გადაწყვეტილებით, ფიზულის აეროპორტი საერთაშორისო აეროპორტების სიას დაემატა. მას ყარაბაღიდან დანარჩენ მსოფლიოსთან დაკავშირების მნიშვნელოვან საშუალებად მიიჩნევენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები