მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ALTA: ჩვენი ბიზნესის მასშტაბი საკმაოდ შეიზღუდა

5e9862783d06b
ვიქტორია მღებრიშვილი
16.04.20 18:00
1772
ჩვენი ბიზნესის კეთების მასშტაბი საკმაოდ შეიზღუდა - ასე აფასებს BM.GE-სთან საუბრისას COVID-19-ის გავლენას ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „ალტაზე“ კომპანის მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი გიორგი ჟურული.

შემცირების კონკრეტულ მაჩვენებელზე ვერ საუბრობს, თუმცა ამბობს რომ ონლაინ მაღაზია ვერ ანაზღაურებს იმ გაყიდვებს, რაც მათ მაღაზიების ფუნქციონირებისას ჰქონდათ. მიუხედავად ამისა კომპანია აქტივობას ინარჩუნებს და ახალი დღის წესრიგს ერგება.

„COVID-19-ით შექმნილი არსებული მდგომარეობის ფონზე ჩვენმა კომპანიამ ბიზნესის გადაწყობის პროცესი ნელი ტემპით დაიწყო, თუმცა ვითარების სწრაფი ცვლილების პარალელურად დავიწყეთ არსებულ დღის წესრიგზე სწრაფად მორგება.

ჩვენი ბიზნესის კეთების მასშტაბი საკმაოდ შეიზღუდა. ეს არის ის პრობლემა, რომელიც არამარტო ჩვენ, არამედ ყველას უდგას საქართველოში.

გარკვეული უპირატესობები გვაქვს - ინტერნეტ მაღაზია, გამართული სისტემა, ძლიერი კომპანია, და ჩვენ ამით ეს დარტყმა გადავიტანეთ, თუმცა ნებისმიერ შემთვევაში ეს ძალიან მტკივნეულია. რიცხვებზე საუბარი ძალიან ადრეა, მაგრამ გეტყვით, რომ ჩვენ გვქონდა 12 ობიექტი და ინტერნეტ მაღაზია, ახლა დაგვრჩა მხოლოდ ინტერნეტ მაღაზია, რომლითაც იმ არსებულ დანაკლისს ვერ ვანაზღაურებთ, რაც მაღაზიების დახურვით მოგვადგა“, - ამბობს „ალტას“ მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი.

BM.GE-ს კითხვაზე რამდენ ხანს შეძლებს კომპანია არსებული აქტივობის შენარჩუნებას, მარკეტინგის დირექტორი ამბობს, რომ ოპტიმისტები არიან და იმედი აქვთ, რომ მთავრობის მიერ გაწერილ ვადებს ეს შეზღუდვები არ გადასცილდება.

„თუ ჩვენ იანვარსა და თებერვალში წლიურ გეგმებს ვაკეთებდით, ახლა ერთ თვიან დაგეგმვაზე გადავედით, იმდენად არაპროგნოზირებადია მდგომარეობა. დიდწილად მსხვილი კომპანიებიც ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ ვითარებაზე ვართ დამოკიდებულები. თუ არ გვეყოლება მყიდველი, დანაზოგების არარსებობისა და შემოსავლების შემცირების გამო შემცირდება მოთხოვნა ჩვენს პროდუქციაზე და ამის ხანგრძლივად გაგრძელება ყველასთვის მძიმე იქნება. ვიმედოვნებთ, რომ 1 თვეზე მეტ ხანს ეს პროცესი არ გაგრძელდება“, - განაცხადა გიორგი ჟურულმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები