მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ამ ადამიანებს ინფორმაციის დეფიციტი აქვთ“ - კობახიძე უცხოეთში "ოცნების" წაგების მიზეზს განმარტავს

პრემიერი

"ეს იმის ნიშანია, რომ ამ ადამიანებს ინფორმაციის დეფიციტი აქვს" - ასე ხსნის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ცესკოს წინასწარი შედეგების მიხედვით, საზღვარგარეთ "ქართული ოცნების" დაბალი მხარდაჭერის მაჩვენებელს.

მმართველი პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერციაზე ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს - რისი ნიშანია "ქართული ოცნებისთვის" ის, რომ ემიგრანტებმა არაა მმართველ ძალას, არამედ ოპოზიციას დაუჭირეს მხარი. პრემიერი განმარტავს, რომ ეს ემიგრანტები ვერ ხედავენ საქართველოს აღმშენებლობას და პროპაგანდის მსხვერპლნი არიან.

"ეს იმის ნიშანია, რომ ამ ადამიანებს ინფორმაციის დეფიციტი აქვს. თქვენ იცით, რომ დეზინფორმაციის და პროპაგანდის ნიაღვარია და საბოლოო ჯამში თუ საკუთარი თვალით ვერ ხედავ რა ხდება ქვეყანაში, შეიძლება ბევრად უფრო მარტივად მოექცე ამ პროპაგანდის ქვეშ. ეს პროპაგანდა საქართველოშიც ძალიან ძლიერია, ეს არის შემდეგ ბულინგი და ა.შ. მაგრამ საბოლოო ჯამში საქართველოში მცხოვრები ადამიანები თავისი თვალით ხედავენ, როგორ ვითარდება ქვეყანა, ამიტომ ამ პროპაგანდაც ბევრად ნაკლები გავლენა აქვს საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეებზე, ვიდრე იმ ადამიანებზე, რომლებიც სხვა იურისდიქციის ქვეშ ცხოვრობენ. შესაბამისად ძალიან მარტივად აიხსნება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ საზღვარგარეთ ქართულმა ოცნებამ ვერ მოახერხა შედეგების გაყალბება და შედეგებით მანიპულირება, ირაკლი კობახიძე პასუხოს: „არა, რას ლაპარაკობთ, წინა არჩევნებზეც ასე იყო, იმის წინაზეც “ და განმარტავს: „ეს ასე ხდება ხოლმე ერთი მარტივი მიზეზის გამო, როდესაც ამომრჩეველი ქვეყნისგან მოშორებით არის, ის ინფორმაციას მხოლოდ კონკრეტული წყაროებიდან იღებს და ამ წყაროებთან დაკავშირებით გარკვეული მანიპულაციებიც არსებობს, მაგალითად სოცმედიაში. შესაბამისად, ის შედეგები, რომელიც არჩევნებით აისახა აბსოლუტურად ლოგიკურია, მაგრამ ამ შედეგებით თავს ვერავინ დაიმშვიდებს".

ცესკოს წინასწარი დათვლის შედეგებით, მმართველი პარტია "ქართული ოცნება" საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე აგებს. საარჩევნო კომისიას რამდენიმე უბანი ჯერ კიდევ არ დაუთვლია, თუმცა ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საზღვარგარეთ გახსნილი 52 უბნის შედეგების მიხედვით, მმართველმა პარტიამ ემიგრანტების ხმების მხოლოდ 17.7% აიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები