საქართველოს პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ოპოზიცია არჩევნების შედეგების ღირსეულად აღიარებას ვერ ახერხებს.
მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიები NGO-ებთან ერთად თავისი პროტესტით ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას უპირისპირდებიან.
„წინა არჩევნებზე რადიკალურმა ოპოზიციამ 845 000-ზე მეტი ხმა მიიღო, ახლა მხოლოდ 770 000 ხმა. ეს ნიშნავს, რომ გარდა იმისა რომ ჩვენი რეიტინგი და „ქართული ოცნების“ მიმართ მხარდაჭერა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამ ურთულეს პერიოდში, 4 წლის განმავლობაში რადიკალური ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერა რადიკალურად შემცირდა. ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს ყველაფერს და იმასაც საით ექაჩებოდა რადიკალური ოპოზიცია ჩვენს ქვეყანას ამ 4 წლის განმავლობაში და შედეგიც სახეზეა.
ჩვენ ვამბობდით, რომ ოპოზიციას არ ეყოფოდა ღირსება შეჰგუებოდა მორიგ მარცხს, თქვენ ხედავთ, რომ მთელი წლების განმავლობაში ისინი ვერც ერთხელ ვერ ახერხებენ არჩევნების შედეგების აღიარებას, მარცხის ღირსეულად მიღებას, მათ მეცხრედ განიცადეს უკვე მარცხი ამ არჩევნებში. ისინი საკუთარ ამომრჩეველს კიდევ ერთხელ ატყუებდნენ, რომ მოიგებდნენ ამ არჩევნებს, თუმცა ახლა კიდევ ერთხელ არ გაუჭირდებათ ალბათ თვალებში ჩახედონ საკუთარ ამომრჩეველს და აღიარონ, რომ ატყუებდნენ წინასაარჩევნო პერიოდში. ჩვენ არასდროს არ ვატყუებთ ამომრჩეველს. ჩვენ ვამბობდით, როგორი დამაჯერებელი იქნებოდა ჩვენი გამარჯვება და შედეგიც სახეზეა.
მათი პოზიცია და ნებისმიერი მცდელობა დაუპირისპირდე კონსტიტუციურ წყობილებას მიუღებელია. ამ შემთხვევაში მთელი რიგი NGO-ები რადიკალურ, პოლიტიკურ პარტიებთან ერთად დაუპირისპირდნენ 4 წელიწადში უკვე მესამედ დაუპირისპირდნენ ამ ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას, თუმცა რა თქმა უნდა ეს აბსოლუტურად უსუსური მცდელობაა. ეს იმედდაკარგული პოლიტიკოსების სასოწარკვეთილი მცდელობაა, რომ რაღაცნაირად თავი იმართლონ საკუთარ ამომრჩეველთან“, - განაცხადა კობახიძემ.