საქართველოში მოქმედ კომპანიებს, რომლებიც მიეკუთვნებიან პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე კატეგორიის საწარმოებს, ასევე საზოგადოებრივი დაინტერესების პირებს (სდპ) საკუთარი წლიური ფინანსური ანგარიშგების წარდენის ვადა ეწურებათ. კანონმდებლობის თანახმად, ფირმებმა 2020 წლის ფინანსური ანგარიშები მიმდინარე წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში.
რამდენიმე დღის წინ მეოთხე კატეგორიის კომპანიების წარმომადგენლებმა ანგარიშგებების წარდგენის გადავადების მოთხოვნით პეტიციაც შექმნეს, თუმცა, ჯერჯერობით, მთავრობას ამ ანგარიშების წარდენის გადავადების შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.
უწყების სტატისტიკის თანახმად, მათთან ამ დრომდე 36,789 კომპანიის მიერ წადრგენილი ანგარიშის განაწილება ასეთია:
სდპ - 119 კომპანიის ანგარიში;
I კატეგორია - 59 კომპანიის ანგარიში;
II კატეგორია - 234 კომპანიის ანგარიში;
III კატეგორია - 2,287 კომპანიის ანგარიში;
IV კატეგორია - 34,088 კომპანიის ანგარიში;
I ჯგუფი - 51 კომპანიის ანგარიში;
II ჯგუფი - 75 კომპანიის ანგარიში;
III ჯგუფი - 140 კომპანიის ანგარიში;
IV ჯგუფი - 92 კომპანიის ანგარიში;
კანონმდებლობის თანახმად, როგორ განისაზღვრება თუ რომელ კატეგორიას მიეკუთვნება კომპანია:
პირველი კატეგორია:
სუბიექტი, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:
ა) აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონს ლარს აღემატება;
ბ) შემოსავალი 100 მილიონ ლარს აღემატება;
გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 250-ს აღემატება.
მეორე კატეგორია:
სუბიექტი, რომელიც არ არის მესამე ან მეოთხე კატეგორიის საწარმო და რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:
ა) აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს არ აღემატება;
ბ) შემოსავალი 100 მილიონ ლარს არ აღემატება;
გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 250-ს არ აღემატება.
მესამე კატეგორია:
სუბიექტი, რომელიც არ არის მეოთხე კატეგორიის საწარმო და რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:
ა) აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს არ აღემატება;
ბ) შემოსავალი 20 მილიონ ლარს არ აღემატება;
გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 50-ს არ აღემატება.
მეოთხე კატეგორია:
სუბიექტი, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს:
ა) აქტივების ჯამური ღირებულება 1 მილიონ ლარს არ აღემატება;
ბ) შემოსავალი 2 მილიონ ლარს არ აღემატება;
გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 10-ს არ აღემატება.
სდპ:
იურიდიული პირი, რომელიც არის:
ა) ანგარიშვალდებული საწარმო, რომლის ფასიანი ქაღალდები საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებულია „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ბ) კომერციული ბანკი "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად;
გ) მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
დ) მზღვეველი „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ე) არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ვ) საინვესტიციო ფონდი „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
ზ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირი „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
თ) საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე სამსახურის მიერ სდპ-ად განსაზღვრული პირი.