მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამ ეტაპზე არ ვფიქრობთ, რომ წინასწარი ტარიფის დაწესების აუცილებლობაა" - ლექვინაძე არმატურის ბაზრის შესწავლაზე

არმატურა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) რუსეთიდან და ირანიდან არმატურის სავარაუდო დემპინგურ იმპორტთან დაკავშირებით შესწავლა დაიწყო. სააგენტო შეისწავლის, ხომ არ იყიდება იმპორტირებული არმატურა საქართველოში ნორმალურ ღირებულებაზე დაბალ ფასად, რაც ადგილობრივ ინდუსტრიას აზიანებს. bm.ge-მ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს მიმართა კითხვებით, თუ რა ეტაპზეა შესწავლა და როდის იქნება დასკვნა. როგორც ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, მიმდინარეობს შუალედური ანგარიშის მომზადების პროცესი.

„ჩვენ მიერ დამუშავებული ინფორმაციის მიხედვით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ბოლო წლებში იმპორტის მაჩვენებელი, რაც უკავშირდება ბაზარზე მოხმარების ზრდას და ამ გაზრდილ იმპორტში მნიშვნელოვანი წილი აქვს რუსულ და ირანულ არმატურას. ამ დროისათვის ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ექსპორტიორ კომპანიებთან. გვაქვს მიღებული დეტალური ინფორმაცია ადგილობრივი მწარმოებლებისგან. მიმდინარეობს ინფორმაციის დამუშავება და ვამზადებთ შუალედურ ანგარიშს. ამ ეტაპზე არ ვფიქრობთ, რომ რაიმე წინასწარი ტარიფის დაწესების აუცილებლობა არის. ეს სურათი ჯერ არ გამოკვეთილა, თუმცა შუალედური ანგარიშის შემდეგ, გვექნება სრული სურათი, თუ რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს აღნიშნული საკითხის შესწავლა“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

მისი თქმით, სავარაუდოდ, იმპორტირებული პროდუქცია დაახლოებით 3-დან 10%-მდე ფარგლებში აჩვენებს უფრო დაბალ ფასებს და ეს განსხვავდება სხვადასხვა ქვეყნებიდან იმპორტის მიხედვით, თუმცა ფასთა შორის სხვაობა ცალსახად არ ნიშნავს, რომ დემპინგია.

„დემპინგის შემთხვევაში გავლენა უნდა იყოს ადგილობრივი პროდუქციის პარამეტრებზე და მათი ზიანი უნდა ფიქსირდებოდეს დემპინგური პროდუქციის იმპორტით. ჯერჯერობით ჩვენი შესწავლა ამ ეტაპამდე არ მისულა მთლიანობაში“, - თქვა ლექვინაძემ და დასძინა, რომ შუალედური ანგარიში სავარაუდოდ, უახლოეს თვეებში გახდება ცნობილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები