მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამ ეტაპზე გადასახადების შემცირების რესურსს ვერ ვხედავთ" - რას ჰპირდება "ძლიერი საქართველო" ბიზნესს?

თაზო დათუნაშვილი

კოალიცია „ძლიერ საქართველოში“, რომელიც პარტია “ლელოს“, “ხალხისთვის”, „მოქალაქეებისთვის“ და “თავისუფლების მოედნის” გაერთიანებით შეიქმნა, ამ ეტაპზე გადასახადების შემცირების რესურსს ვერ ხედავენ.

ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ პარტია „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა თაზო დათუნაშვილმა წამყვანის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

„მე პრადად, იდეურად მემარჯვენე ადამიანი ვარ, მესმის, რომ ბიზნესის თავისუფლება არის ერთადერთი სტიმული იმისთვის, რომ ეკონომიკა გაჯანსაღდეს, 200 000 სამუშაო ადგილი შეიქმნას, მაგრამ ასევე, მესმის ამ ქვეყნის რეალობა... ეს არ არის ქვეყანა, სადაც შეგვიძლია უპასუხისმგებლოდ ვისაუბროთ ყველაფრის ლიბერტარიანულ განთავისუფლებაზე... ამდენად, ამ ეტაპზე ვერ ვხედავ გადასახადების შემცირების რესურსს, რადგან გარდა ეკონომიკური გაჯანსაღებისა, ამ ეტაპზე გვჭირდება იმ სოციალური ტვირთის ღირსეულად აწევა, რომელიც ამ ქვეყანას აქვს“, - თქვა თაზო დათუნაშვილმა.

ევროპული მომავალი, 1000-ლარიანი პენსია და 200 000 სამუშაო ადგილი - ეს არის ძლიერი საქართველოს“ სამი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც „ილიას გზით“ დასათაურებულ საარჩევნო პროგრამაში გაიწერა. დოკუმენტის ეკონომიკური ნაწილი „ლელოს“ „მარშალის გეგმაში“ გაწერილ ინიციატივებსაც მოიცავს:

1. ბიზნესგარემოს გაუმჯობესება - ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა, კერძო სექტორის პროდუქტიულობის გაზრდა, მაქსიმალური გამჭვირვალობის შექმნა და ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება.

2. შრომის ბაზრის განვითარება - 2021-22 წლებში საქართველოდან ემიგრაციაში 224 000 ადამიანი წავიდა. მათი უმრავლესობა შრომისუნარიანი და მაღალკვალიფიციური უნარების მქონეა. შედეგად, საქართველოს შრომის ბაზარზე კვალიფიციური მუშახელის ოდენობა შემცირდა. შრომის სრულფასოვანი ბაზრის ჩამოყალიბება და განვითარება განაპირობებს დასაქმებულთა მუდმივ განვითარებას, კონკურენტუნარიანობისა და პროდუქტიულობის ზრდას. სრულფასოვანი შრომის ბაზრის ხელშეწყობისათვის კოალიცია განათლების ფუნდამენტურ რეფორმას გაატარებს და ბაზრის მოთხოვნებს მოარგებს.

3. ინოვაციების ხელშეწყობა - ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ძლიერი საქართველოს მიზანია ინოვაციებზე ორიენტირება და, ტრადიციულ კონკურენტულ უპირატესობებთან ერთად, ინტელექტუალური და სამეწარმეო კონკურენტულობის ზრდა. საქართველოს ეკონომიკის ზოგიერთ დარგში ინოვაციების ნაკლებობა დაბალ პროდუქტიულობას და, შესაბამისად, წარმოებული პროდუქციის დაბალ კონკურენტუნარიანობას იწვევს. განათლების ფუნდამენტურ რეფორმასთან ერთად, მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში ინოვაციური აზროვნების წახალისება და მცირე ასაკიდანვე კოდირებისა და რობოტიკის სწავლება.

4. კაპიტალის ბაზრის განვითარება - საქართველო გახდება რეგიონის ფინანსური ცენტრი. ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი ზრდა პირდაპირ არის დაკავშირებული განვითარებულ კაპიტალის ბაზართან, რომელიც დღეს საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს. კაპიტალის ბაზრის რეფორმით საქართველო გახდება ფინანსური ცენტრი ძლიერი საფონდო ბირჟით, რაც ქვეყანაში გააჩენს გრძელვადიან საინვესტიციო ფულს და ახალ სამუშაო ადგილებს. საქართველოს საფონდო ბირჟა იმუშავებს ლონდონის საფონდო ბირჟასთან პარტნიორობით.

5. ქმედითი არბიტრაჟის დაფუძნება - საქართველოში მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემების ფონზე, მნიშვნელოვანია, ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთან თანამშრომლობით, არბიტრაჟის შექმნა. ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთან ამ ტიპის თანამშრომლობის მაგალითები უკვე არსებობს ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში.

მცირე და საშუალო ბიზნესისთვის:

  1. შეიქმნება 3-მილიარდიანი საგარანტიო ფონდი, რომელიც უზრუნველყოფს ბიზნესის გრძელვადიანი და შეღავათიანი ფინანსური რესურსებით მხარდაჭერას;
  2. შეიქმნება 2-მილიარდიანი სპეციალური საინვესტიციო ფონდი სახელმწიფო და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მონაწილეობით მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის;
  3. შეიქმნება ინოვაციების სპეციალური საინვესტიციო ფონდი, სადაც მოზიდული იქნება სახსრები 1 მილიარდის ოდენობით და ინვესტირებას მოახდენს ახალ ტექნოლოგიებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები