მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიზნესთან კონსენსუსი უნდა შედგეს“ - მინიმალური ხელფასის დადგენა "ძლიერი საქართველოს" დაპირებაა

ლელო

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ქვეშ გაერთიანებული „ლელო“, “ხალხისთვის”, “მოქალაქეები და “თავისუფლების მოედანი” ამომრჩეველს, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მინიმალური სამართლიანი ანაზღაურების დადგენას ჰპირდება. „დასაქმებული ადამიანები ადეკვატურ ხელფასს იმსახურებენ, რათა იცხოვრონ ღირსეულად. ძლიერი საქართველო დამოუკიდებლობის პერიოდში პირველად დაადგენს ღირსეულ და სამართლიანი ანაზღაურების სტანდარტს, რაც იქნება გარანტია იმისა, რომ დასაქმებულებმა უზრუნველყონ თავიანთი ცხოვრებისეული საჭიროებები“, - წერია კოალიციის საარჩევნო პროგრამაში „ილიას გზა“.

რამდენი ლარი შეიძლება იყოს მინიმალური ანაზღაურება, რომელიც კოალიციის შეფასებით, "ღირსეული და სამართლიანი“ იქნება და გაქვთ თუ არა მინიმალური ხელფასის დადგენის შემთხვევაში, შესაძლო რისკები და გამოწვევები აწონილი? - ეს კითხვები BMGTV-ის გადაცემა „წერტილის“ წამყვანმა „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრ თაზო დათუნაშვილს დაუსვა.

თაზო დათუნაშვილმა არ დაასახელა მინიმალური ხელფასის კონკრეტული ოდენობა, რადგან მიიჩნევს, რომ ეს საკითხი ბიზნესთან მსჯელობის შედეგად უნდა გადაწყდეს.

ამასთან, „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა დაგვიდასტურა, რომ მინიმალური ხელფასის დადგენის ინიციატივა კოალიცია „ძლიერ საქართველოში“ შემავალი პარტიებიდან („ხალხისთვის“ და „მოქალაქეები“) მოდის.

„ძლიერი საქართველო არის კოალიცია, შესაბამისად, პროგრამა არის კოალიციური შეთანხმების საგანი. ღირსეული და სამართლიანი ანაზღაურება არის ის საკითხი, რომელზედაც შევჯერდით, როგორც „ლელო“, ისე სხვა პარტიები“, - აღნიშნა მან.

- ერთ მაგალითს მოვიყვან - ასეთი სტატისტიკა ვნახე - ივლისში 12 000-მდე ადამიანმა 100 ლარზე ნაკლები ხელფასი მიიღო და მხოლოდ 350-მდე პირი იყო, ვისი ანაზღაურებაც 100 000 ლარზე მეტი იყო. ზოგადად, არაჰუმანურია როცა 100-ლარიან ხელფასს იღებს 12 000 მოქალაქე ქვეყანაში...

- შემოსავლების სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, BM.ge-ც აქვეყნებს პერიოდულად მსგავს მონაცემებს, მაგრამ სამწუხაროდ, რომელ სექტორში იღებენ 100-ლარზე ნაკლებ ანაზღაურებას არ ვიცით... მეეჭვება, კერძო სექტორში ახლა ასეთი დაბალი ხელფასი იყოს...

- კერძო სექტორშიც ყოფილა და არის მსგავსი {ანაზღაურება}... მე არ ვამბობ, რომ ძალიან მკაცრი რეგულაცია უნდა მივიღოთ. ამ საკითხზეც უნდა ვიპოვოთ ეტაპობრივი განვითარების გზა, როგორც 1000-ლარიანი პენსიის შემთხვევაში, რაზედაც ვამბობთ, რომ ეტაპობრივად, მიღწევადია და ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე წლიდანვე დავიწყებთ მუშაობას... ზუსტად იგივე მიდგომა უნდა იყოს მინიმალური ანაზღაურების დადგენის ნაწილშიც - ჩვენ უნდა ვიპოვოთ კონსენსუსი ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის... უპასუხისმგებლობა მგონია, დღეს, როცა ხელისუფლების მხრიდან მთელ სურათს არ ხედავ, ისაუბრო {რამდენი შეიძლება იყოს მინიმალური ხელფასი}. არ შეიძლება ამაზე საუბარი მანამ, სანამ ბიზნესთან ერთად არ დაჯდები და მათთან არ ილაპარაკებ. ეს არის აუცილებელი. ასეთი ამბავი ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში წყდება ბიზნესის, სახელმწიფოს და დასაქმებულების ჩართულობით. ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის კონსენსუსი უნდა შედგეს.

- საქართველოში, სადაც ერთი მხრივ, უმუშევრობა ყველაზე მთავარი გამოწვევაა და მეორე მხრივ, ბიზნესი/დამსაქმებელი სამუშაო ძალის, განსაკუთრებით კვალიფიციური კადრების დეფიციტს ასახელებს უმთავრეს პრობლემად, რამდენად გვაქვს მინიმალური ხელფასის დადგენის ფუფუნება და რისკები თუ გაქვთ აწონილი?

- რისკებიც გასაგებია.... შეიძლება, ამის ფუფუნება არ გაქვს, მაგრამ რაღაც რეგულაციები სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს და ბიზნესი ამ რეგულაციებს უნდა მოერგოს; ოღონდ სახელმწიფომაც გარკვეული სტიმულები უნდა მისცეს ბიზნესს. ამიტომ ეტაპობრივად უნდა დადგინდეს მინიმალური ხელფასის და იმ ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით გაიზარდოს, რომელიც გვექნება. არჩევნებში „ძლიერი საქართველოს“ გამარჯვების შემთხვევაში, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები იქნება ორნიშნა და წლიდან წლამდე მზარდი. ამის შესაბამისად გაიზრდება მინიმალური ხელფასიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები