მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ აპირებს "ძლიერი საქართველო" 200 000 სამუშაო ადგილის შექმნას? - ინტერვიუ თაზო დათუნაშვილთან

თაზო დათუნაშვილი

200 000 სამუშაო ადგილი და მინიმალური სამართლიანი ანაზღაურება დასაქმებულთათვის - კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ქვეშ გაერთიანებული პარტია “ლელოს“, “ხალხისთვის”, „მოქალაქეებისთვის“ და “თავისუფლების მოედნის” წინასაარჩევნო დაპირებების სამეულშია. „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა თაზო დათუნაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას ისაუბრა, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, როგორ წარმოუდგენია კოალიციას აღნიშნული დაპირებების შესრულება.

"ძლიერი საქართველოს" წინასაარჩევნო პროგრამა "ილიას გზა"

- 200 000 სამუშაო ადგილის შექმნა - რა შინაარსი დევს ამ დაპირებაში? იმედია, ბიუჯეტის ფულით შექმნილ სამუშაო ადგილებს არ გულისხმობთ?

- არა, რა თქმა უნდა. ბიუჯეტის ფულით სამუშაო ადგილებს ქმნის „ქართული ოცნება“, რაც არის ძალიან ცუდი და მახინჯი ფორმა, ვგულისხმობ 300-ლარიან, ნახევრადსოციალურ სამუშაო ადგილებს - 129 მომვლელი რომ ჰყავს თიანეთის სასაფლაოს, როცა შეიძლება მაგდენი საფლავიც არ იყოს... ჩვენი კოალიცია როდესაც საუბრობს 200 000 სამუშაო ადგილის შექმნაზე, ამის მიღწევა წარმოგვიდგენია საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღების გზით. საარჩევნო პროგრამაშიც გვიწერია, რომ 6 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რომელიც ქვეყანაში შემოვა {4 წლის განმავლობაში} ამის საშუალებას მოგვცემს... "ძლიერი საქართველოს" გამარჯვების შემთხვევაში, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები იქნება ორნიშნა და მზარდი წლიდან წლამდე.

- წლიურად 1.5 მილიარდი დოლარის FDI არც ისე ამბიციურ დაპირებად ჟღერს, თუ გავითვალისწინებთ ბოლო წლების ტენდენციას...

- $1.5 მილიარდი არის ის მინიმუმი, რომელიც აუცილებელია, ქვეყანაში შემოვიდეს... იმ ნიშნულიდან, საიდანაც ჩვენ ხელისუფლებას ჩავიბარებთ 26 ოქტომბერს, FDI-ის ამოწევა, რომელიც ფაქტობრივად, განულებულია და რეინვესტიციებზეა დაფუძნებული {მარტივი არ იქნება}

- განულებული არაა - ოფიციალური სტატისტიკა სხვა რამეს ამბობს...

- რიცხვებში არაა, მაგრამ მოდი შევთანხმდეთ, ბოლო წლებია, რეინვესტირების გარდა, ქვეყანაში დიდი უცხოური კაპიტალი არ შემოდის, რადგან ეს ქვეყანა გახდა კლეპტოკრატიული, ოლიგარქიული კონგლომერატი. ასეთ ქვეყანაში კი არ არის ინსტიტუციური ინვესტორების ადგილი. ჩვენი გეგმაა, ამ ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ დაიბრუნოს თავისი ისტორიული როლი, რომელსაც „აბრეშუმის გზის“ და „შუა დერეფნის“ ფუნქცია ჰქვია.

- რას ჰპირდება „ძლიერი საქართველო“ ბიზნესს, რომელმაც უნდა შექმნას სამუშაო ადგილები - რა სტიმულებს ჰპირდებით?

- როგორც უკვე აღვნიშნე, ეკონომიკის გაჯანსაღება არის მთავარი ფაქტორი, რითაც {კერძო სექტორის მიერ} შეიქმნება 200 000 სამუშაო ადგილი... ბიზნესის სტიმულირება მოხდება იმით, რომ ქვეყანა გახდება გლობალური სავაჭრო კვანძის ნაწილი და ამით შეიძლება, უდიდესი სარგებელი ნახოს ყველამ - დაწყებული იურიდიული სექტორიდან, დამთავრებული საგადასახადო სექტორით. ეს შექმნის 200 000 სამუშაო ადგილს ამ ქვეყანაში... შეიქმნება ფონდები, რომელიც უნდა დაეხმაროს ბიზნესს და იყოს მათთვის გარკვეული სტიმული {გაფართოებისთვის}

- დიახ, გავეცანი "ძლიერი საქართველოს" წინასაარჩევნო პროგრამას, სადაც წერია, რომ შეიქმნება 3-მილიარდიანი საგარანტიო ფონდი, რომელიც უზრუნველყოფს ბიზნესის გრძელვადიანი და შეღავათიანი ფინანსური რესურსებით მხარდაჭერას; შეიქმნება 2-მილიარდიანი სპეციალური საინვესტიციო ფონდი სახელმწიფო და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მონაწილეობით მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის; ასევე, შეიქმნება ინოვაციების სპეციალური საინვესტიციო ფონდი, სადაც მოზიდული იქნება სახსრები 1 მილიარდის ოდენობით და ინვესტირებას მოახდენს ახალ ტექნოლოგიებში.... საიდან მოგაქვთ აღნიშნული ფინანსური რესურსი?

- საქართველოს ბიუჯეტის ბიუროკრატიული ხარჯებისგან გათავისუფლებით... დიდი სახელმწიფო კომპანიების პრივატიზაცია - ელექტროსისტემა, საქართველოს რკინიგზა, ფოსტის კომპანია... გვესმის, რომ სახელმწიფოსთვის ეს არის ძნელად დასათმობი, რადგან ბევრი მასზე მიბმული კონტროლირებადი თემა გროვდება, მაგრამ... სახელმწიფო არის ძალიან ცუდი მენეჯერი...

- დაახლოებით, რა თანხის გამოთავისუფლებას ელოდებით ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების გზით თუ სახელმწიფო კომპანიების პრივატიზაციით?

- დეტალები პროგრამაში გვიწერია... ეს არის ის თანხები, რომელიც ადმინისტრაციული, ზედმეტი ხარჯების {შემცირების} და სახელმწიფო კომპანიების პრივატიზაციით უნდა გამოთავისუფლდეს, რაც ეყოფა იმ სახელმწიფო ფონდებს, რომლის დაფუძნებაც გვინდა. დაახლოებით, 6 მილიარდ ლარზეა საუბარი...

- თქვენი წინასაარჩევნო პროგრამის თანახმად, გადასახადების შემცირება დღის წესრიგში არ დგას... ვერ ნახეთ რესურსი?

- მე პრადად, იდეურად მემარჯვენე ადამიანი ვარ, მესმის, რომ ბიზნესის თავისუფლება არის ერთადერთი სტიმული იმისთვის, რომ ეკონომიკა გაჯანსაღდეს, 200 000 სამუშაო ადგილი შეიქმნას, მაგრამ ასევე, მესმის ამ ქვეყნის რეალობა... ეს არ არის ქვეყანა, სადაც შეგვიძლია უპასუხისმგებლოდ ვისაუბროთ ყველაფრის ლიბერტარიანულ განთავისუფლებაზე... ამდენად, ამ ეტაპზე ვერ ვხედავ გადასახადების შემცირების რესურსს, რადგან გარდა ეკონომიკური გაჯანსაღებისა, ამ ეტაპზე გვჭირდება იმ სოციალური ტვირთის ღირსეულად აწევა, რომელიც ამ ქვეყანას აქვს.

„ძლიერი საქართველოს“ წინასაარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილის მთავარ პრიორიტეტებს შორის არის, ასევე, კაპიტალის ბაზრის განვითარება, ინოვაციების ხელშეწყობა და ქმედითი არბიტრაჟის დაფუძნება. ასევე, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. დაპირებებს შორისაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენებაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები