მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ამ კონცეფციას მიზანი არ აქვს" - რა კითხვები აქვს განათლების სექტორს სამინისტროსთან?

ქეთი ცოტნიაშვილი

უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციას, განათლების ინტერესიდან გამომდინარე, მიზანი არ აქვს - ასე აფასებს უმაღლესი განათლების ექსპერტი ქეთი ცოტნიაშვილი "ოცნების" მიერ დამტკიცებულ კონცეფციას.

"უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის ანალიზის" თანაავტორი "ანალიტიკას" ეთერში საკუთარი კვლევის მიგნებებს განიხილავს და იმ პრობლემურ საკითხებს გამოყოფს, რომლებიც ფუნდამენტურად შეცვლის უმაღლესი განათლების მიმართ დამოკიდებულებას.

"კვლევის საკვანძო მიგნებები პირველ რიგში აჩვენებს იმას, რომ განათლების ინტერესიდან გამომდინარე, თავად კონცეფციას მიზანი არ აქვს. ამ კონცეფციაში არ ჩანს საერთოდ, რას უნდა ემსახურებოდნენ უნივერსიტეტები, რას უნდა ემსახურებოდეს განათლება. დასახელებული არის თვითონ კონცეფციის თითქოს მიზანი, რომ ეს არის ხარისხის განვითარება და დასაქმების ბაზართან შესაბამისობის ზრდა, თუმცა არ გვაქვს უფრო ფართოდ განსაზღვრული უმაღლესი განათლების მიზანი და თანაც, ეს მიზნები უკვე არის ჩამოყალიბებული უმაღლესი განათლების შესახებ კანონში, რომელიც ახლა საერთოდ უგულებელყოფილია იმიტომ, რომ კონცეფციისა და უკვე გადადგმული ნაბიჯების გარკვეული ნაწილი აი ამ განსაზღვრულ მიზნებსაც კი ეწინააღმდეგება.

საკვანძო საკითხია, რომ ეს პროცესი არის დახურული და როდესაც მის გაუმართაობაზე ვსაუბრობთ, შეიძლება ჩათვალონ, რომ ეს ხელშესახები საკითხი არ არის. მაგრამ ის, რომ ამ პროცესში არ არის ჩართულობა და ღია დისკუსია, არის ძალიან დიდი რისკი იმის, რომ გეგმები შეეწინააღმდეგოს თავად აი ამ ხარისხის თითქოს გაუმჯობესების მიზანს. ჩვენ ვხედავთ, რომ ავტომატურად და მექანიკურად მცირდება სასწავლო წლების რაოდენობა, აკადემიურ პერსონალს ემუქრება სამსახურის დაკარგვა.პრობლემა არის ის, რომ კვალიფიციური პერსონალი დატოვებს უნივერსიტეტებს და შესაბამისად დაზიანდება თვითონ სწავლების შინაარსი", - ამბობს ქეთი ცოტნიაშვილი BMG-სთან.

"რეფორმა ვერ უპასუხებს სისტემის რეალურ გამოწვევებს" - უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის ანალიზი

განათლების ექსპერტმა "ანალიტიკასთან" იმ განცხადების შინაარსზეც ისაუბრა, რომლითაც მოძრაობამ "ქართული განათლება საფრთხეშია" 21 იანვარს განათლების სამინისტროს მიმართა. ცოტნიაშვილის ინფორმაციით, პროფესორ-მასწავლებლებს უწყებასთან არაერთი კითხვა აქვთ.

"სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა მივმართეთ განათლების სამინისტროს კითხვების 4-გვერდიანი ჩამონათვალით, სადაც ვითხოვთ პასუხებს. ამ კვლევის განხორციელების პროცესში სხვადასხვა სსიპ-ებიდან ჩვენ მოვიძიეთ მონაცემები და ასევე გავაანალიზეთ უკვე ხელთ არსებული საჯარო ინფორმაცია; დავწერეთ დაახლოებით 23-გვერდიანი კვლევა და თვითონ კონცეფცია არის 4-გვერდიანი. კვლევის პროცესში კიდევ უფრო გამოიკვეთა ის კითხვები, რაზეც აუცილებელია მინიმუმ პასუხის გაცემა იმისთვის, რომ რაღაცას დავარქვათ ძირეული რეფორმა.

მაგალითად, ვითხოვთ დასაქმების ბაზრის კვლევის განხორციელების მეთოდოლოგიას და მათ შედეგებს, თუ არის ხელმისაწვდომი. ასევე ვითხოვთ იმ ადამიანების ჩამონათვალს, ვინც ჩართულები იყვნენ თავად ამ კონცეფციის წერაში, გარდა იმ ოფიციალური ჯგუფისა, რომელიც ცნობილია, სამთავრობო კომისიის სახით. ვითხოვთ ასევე სხვადასხვა ექსპერტის მხრიდან კონცეფციის დოკუმენტის შეფასებას, რისკების ანალიზს და დაფინანსების წყაროებს - როგორი დაფინანსებით და რა ვადებში არის თავად გაწერილი რეფორმის განხორციელება", - ამბობს ის.

მოძრაობა "ქართული განათლება საფრთხეშია" უმაღლესი განათლების რეფორმაზე სამინისტროს მიმართავს - სრული განცხადება

2025 წლის დეკემბერში უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილება შევიდა. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა სრულად დაფინანსდება ბიუჯეტიდან, კერძო უნივერსიტეტებში კი სახელმწიფო დაფინანსების მოდელი გაუქმდება. ამასთან, საუნივერსიტეტო სისტემაში დაინერგება 3+1+1 სისტემა, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს, ხოლო 1 წელი - მაგისტრატურას. ამასთან, ეკონომიკის სამინისტრო შრომის ბაზრის კვლევას ატარებს, რომელმაც უნდა დაადგინოს, როგორი იქნება შემდეგ უახლოეს რამდენიმე წელში შრომის ბაზრის მოთხოვნები. მთავრობა გეგმავს, რომ კვლევის შედეგების საფუძველზე უნივერსიტეტებში სხვადასხვა სპეციალობაზე კვოტები გამოყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები