მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რეფორმა ვერ უპასუხებს სისტემის რეალურ გამოწვევებს" - უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის ანალიზი

ილიაუნი

"უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფცია ვერ ქმნის გააზრებული და შეთანხმებული უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის საფუძველს, რომელიც საზოგადოების საუკეთესო ინტერესებს ემსახურება" - ამის შესახებ "უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის ანალიზის" 5 იანვრით დათარიღებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტშორისი ერთეული, განათლების კვლევების ცენტრი აქვეყნებს.

ანალიზში განათლების მკვლევრებმა, ქეთი ცოტნიაშვილმა და ლელა ჩახაიამ გასული წლის 1 დეკემბერს დამტკიცებული უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფცია განიხილეს და "ფუნდამენტური, კონცეპტუალური და პროცედურული ხარვეზები" გამოავლინეს.

ანალიზი აჩვენებს, რომ როგორც კონცეფციის შედგენის პროცესი, ისე მასში მოცემული ინიციატივები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, უმაღლესი განათლების შესახებ კანონსა და ბოლონიის პროცესის ფარგლებში ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის წევრი ქვეყნებისთვის განსაზღვრულ ძირითად პრინციპებს.

"ეს წინააღმდეგობები აფერხებს უმაღლესი განათლების სისტემის მდგრად განვითარებას, საფრთხეს უქმნის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის ინტერესებისა და უფლებების დაცვას, ძირს უთხრის ინსტიტუციურ ავტონომიასა და აკადემიურ თავისუფლებას, ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ვალდებულებებსა და მისწრაფებებს ევროპული ინტეგრაციისა და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების თვალსაზრისით", - ნათქვამია ანალიზის შესავალ ნაწილში.

კვლევის ანგარიში განიხილავს კონცეფციის შემუშავების პროცესს და ფაქტს, რომ კონცეფციის შემუშავების, განხილვის და დამტკიცების პროცესში არ იყო უზრუნველყოფილი აკადემიური საზოგადოების არსებითი მონაწილეობა; დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ კონცეფცია უხეშად არღვევს უნივერსიტეტების ავტონომიასა და აკადემიურ თავისუფლებას; ამასთან, ანალიტიკოსთა შეფასებით, კონცეფცია უგულებელყოფს როგორც უმაღლესი განათლების ხარისხზე სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, ასევე უნივერსიტეტების მიერ შეზღუდული რესურსების პირობებში მიღწეულ შედეგებს.

"კონცეფციის განხორციელება, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შეზღუდავს უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობას.

კონცეფციაში, მიუხედავად მრავალი ბუნდოვანებისა, რამდენიმე მიმართულება მკაფიოდ არის გამოკვეთილი. დამატებით ოფიციალური პირების მედია ინტერვიუების საფუძველზე შეგვიძლია გავაანალიზოთ ის ფაქტორები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ქვეყანაში სტუდენტური ნაკადების რაოდენობაზე, დინამიკასა და გეოგრაფიულ განაწილებაზე. არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ვვარაუდობთ, რომ რეფორმის შედეგები უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის შემცირების სერიოზულ საფრთხეს ქმნის, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის", - ნათქვამია ანგარიშში, რომელშიც "ქართული ოცნების" მიერ შემოთავაზებული დაფინანსების მოდელია განხილული.

"წარმოდგენილი ანალიზი აჩვენებს, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფცია და მიმდინარე პროცესი ვერ ქმნის გააზრებული და შეთანხმებული უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის საფუძველს, რეფორმისა, რომელიც სტუდენტების, აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის და ფართო საზოგადოების საუკეთესო ინტერესებს ემსახურება.

როგორც დოკუმენტის შემუშავების დახურული ფორმატი, ისე მისი შინაარსი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით, უმაღლესი განათლების შესახებ კანონითა და ბოლონიის პროცესის პრინციპებით დადგენილ საფუძვლებს.

მიმდინარე რეფორმის პროცესი ვერ უზრუნველყოფს საქართველოს უმაღლესი განათლების სივრცის განვითარებასა და ღიაობას, საფრთხეს უქმნის საქართველოს უმაღლესი განათლების სივრცის საერთაშორისო რეპუტაციას, ასუსტებს ევროპულ სისტემასთან ჰარმონიზაციასა და საერთაშორისო თანამშრომლობას. შედეგად, რეფორმა ვერ უპასუხებს უმაღლესი განათლების სისტემის რეალურ გამოწვევებს და, შესაძლოა, თავად იქცეს კრიზისის გამომწვევად", - ნათქვამია დოკუმენტის დასკვნით ნაწილში.

ცნობისთვის, 2025 წლის დეკემბერში უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილება შევიდა. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა სრულად დაფინანსდება ბიუჯეტიდან. ამასთან, საუნივერსიტეტო სისტემაში დაინერგება 3+1+1 სისტემა, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს, ხოლო 1 წელი - მაგისტრატურას. ამასთან, ეკონომიკის სამინისტრო შრომის ბაზრის კვლევას ატარებს, რომელმაც უნდა დაადგინოს, როგორი იქნება შემდეგ უახლოეს რამდენიმე წელში შრომის ბაზრის მოთხოვნები. მთავრობა გეგმავს, რომ კვლევის შედეგების საფუძველზე უნივერსიტეტებში სხვადასხვა სპეციალობაზე კვოტები გამოყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები