მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ კვირაში სებ-ი სამომხმარებლო სესხების ვადიანობის გაზრდაზე იმსჯელებს - თურნავა

ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, მიმდინარე კვირას მარეგულირებელ ორგანოში ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც სხვა საკითხებთან ერთად სამომხმარებლო სესხების ვადიანობის გაზრდაზე იმსჯელებენ. ამის შესახებ ნათია თურნავამ საბანკო ასოციაციის პრეზიდენტთან და ასოციაციის წევრი ბანკების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ეროვნული ბანკის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს საფინანსო სექტორში მიმდინარე პროცესებზე, სამომავლო სიახლეებსა და არსებულ გამოწვევებზე.

„ეს არის ერთ-ერთი დიდი ასოციაცია, რომელიც საქართველოში მოქმედ ბევრ საფინანსო ინსტიტუტს და პრაქტიკულად ყველა ბანკს აერთიანებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრები, რომ უკეთ გავეცნოთ თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი საბანკო სექტორი. ამ კვირაში გვექნება ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომა, რომელზეც ვიმსჯელებთ სხვადასხვა საკითხზე. მათ შორის, სამომხმარებლო სესხების ვადიანობის გაზრდაზეც. ამასთან დაკავშირებით გვინდოდა წინასწარ მოგვესმინა კომერციული ბანკების მოსაზრებები. ჩვენი საბანკო სისტემა საკმაოდ ძლიერი, დაბალრისკიანი და მდგრადია სხვადასხვა შოკების მიმართ. თუმცა, გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკების ფონზე გვინდა კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ, რომ ბანკები მზად არიან ნებისმიერ გარე შოკებთან გასამკლავებლად“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, სამომხმარებლო სესხების ვადიანობის შეზღუდვის მოხსნაზე სებ-ის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი აგვისტოში ამბობდა, რომ მას შემდეგ რაც მიმდინარე წლის აგვისტოში, სამომხმარებლო სესხების ვადიანობის შეზღუდვის გასული წლის გადაწყვეტილება ძალას დაკარგავს, გაგრძელდებოდა თუ არა ეს შეზღუდვა სექტემბერში ფინანსური სტაბილურობის კომიტეტზე გადაწყდებოდა.

მას შემდეგ კი რაც ეროვნულმა ბანკმა ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომა 27 სექტემბრის შემდეგ ორჯერ გადადო სხდომის გამართვის ახალ თარიღად 18 ოქტომბერი გაიწერა. ოფიციალური ინფორმაციით, სხდომის გადადების მიზეზად ორივეჯერ სტატისტიკური მონაცემების მოლოდინი დასახელდა. ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომის ჩატარების გაჭიანურება ეროვნულ ბანკში არსებულ კრიზისზე მიანიშნებს.

შეგახსენებთ, რომ სამომხმარებლო სესხების ვადიანობის შეზღუდვის სებ-ის გადაწყვეტილება ძალაში გასული წლის 15 აგვისტოდან შევიდა, რაც სამომხმარებლო სესხების ჭარბი ზრდის ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლის შემცირების მიზნით სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის 4-დან 3 წლამდე შემცირებას ითვალისწინებს. აღნიშნული მაკროპრუდენციული ზომა ერთი წლის ვადით იქნა მიღებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები