მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ამ პოტენციალის მქონე ქვეყანაში რძის ფხვნილის იმპორტი არ უნდა ხდებოდეს“ - შვეიცარიული აგრარული სკოლა

618c1eb11ac2e
თამთა ჯიჯავაძე
10.11.21 23:32
720
ამ პოტენციალის მქონე ქვეყანაში რძის ფხვნილის იმპორტი არ უნდა ხდებოდეს, – ამის შესახებ დმანისის რაიონში ახალგახსნილი შვეიცარიული აგრარული სკოლის დირექტორმა, თინა მახარაძემ Forbes Georgia-სთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში, კერძოდ კი მესაქონლეობასა და რძის პროდუქტების წარმოებაში დიდი პერსპექტივა აქვს. მისივე თქმით, ქვემო ქართლში უამრავი აუთვისებელი საძოვარია.

„ყველანაირი პირობა გვაქვს იმისა, რომ ეს პროდუქტი ადგილზე ვაწარმოოთ. ამისთვის საჭიროა, რომ ფერმერებს მივცეთ განათლება, მათ უნდა ისწავლონ, როგორ გააუმჯობესონ რძის ხარისხი, საქონლის ჯიშები და ა.შ. ამ ყველაფრით უკეთესი შედეგების მიღწევა შესაძლებელია“, – აღნიშნა მან.

თინა მახარაძე მიიჩნევს, რომ ამ პოტენციალის ასათვისებლად, განათლების გარდა, კვლევებისა და ექსპერიმენტების ჩატარებაც აუცილებელია. „ფერმერებს უნდა ვასწავლოთ ისიც, რომ აუცილებელია საქონლის ჯანმრთელობა. ვეტერინარიას სერიოზული მიხედვა სჭირდება. ამიტომაც რეგიონის ფერმერებთან აქტიურ მუშაობას ვგეგმავთ. გვაქვს საინტერესო პროექტები, რომელთა ფარგლებშიც ავარჩევთ სატესტო ფერმებს, სადაც ახალი ტექნოლოგიების შეთავაზებას და დანერგვას დავიწყებთ“, – დასძინა მან.

ცნობისთვის, შვეიცარიულ აგრარულ სკოლაში, რომელიც არაკომერციული ორგანიზაცია გამოყენებითი განათლებისა და განვითარების ქართული ასოციაცია „ეიდის“ პირველი პროექტია, პირველმა სტუდენტებმა სწავლა 8 ნოემბერს დაიწყეს. სკოლის მშენებლობას საფუძველი რამდენიმე წლის წინ ბიზნესმენ მიხეილ სვიმონიშვილის ინიციატივით ჩაეყარა. კამპუსი პროფესიული სასწავლებლის გარდა, ყველის საწარმოსა და ძროხების ფერმასაც აერთიანებს. შედეგად, თეორიულ სწავლებასთან ერთად, უზრუნველყოფილი იქნება სტუდენტების პრაქტიკული განათლებაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები