ადვოკატი ბონდო ყიფიანი მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამის ტემპს არადამაკმაყოფილებელს უწოდებს, რაც ძირითადად არასაკმარისი ადამიანური რესურსით არის განპირობებული. მისი შეფასებით, მოქალაქეები დამოუკიდებლად პროცესებში ვერ ერკვევიან, პასუხისმგებელი პირების მოძიება კი რთულია.
საქმე ის არის, რომ მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამა სამწლიანი პროექტი უნდა ყოფილიყო და 1 200 000 ჰა-ს აზომვასა და რეგისტრაციას გულისხმობდა. პროექტი 2024 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მთავრობის 21 ოქტომბრის დადგენილების მიხედვით, მოქალაქეები თვითნებურად დაკავებული მიწების რეგისტრაციას 2026 წლის 1-ელ იანვრამდე შეძლებენ.
ადვოკატი სახელმწიფოს მხრიდან მიწის სისტემური რეგისტრაციის ვადების გახანგრძლივების მიზეზებს განმარტავს:
“სახელმწიფოს მხრიდან მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის გადავადება გამოიწვია იმან, რომ არასწორად შეაფასეს მასშტაბი რა რაოდენობის მიწებზე იყო საუბარი და რა მოცულობის ნაკვეთებს უნდა მომსახურებოდა ეს პროექტი. შესაბამისად, იმ ტემპით რა ტემპითაც დღეს პროექტი მიმდინარეობს ერთი წელი კი არა კიდევ 10 წლის განმავლობაში ვერ დასრულდება. წარმოუდგენელია რამდენიმე ადამიანმა მოახერხოს და მთლიანად მოიცვას რეგიონი, სადაც ბევრი არ ცხოვრობს, ბევრი საზღვარგარეთ არის წასული, ბევრსაც საბუთი არ აქვს. ასე აჩქარებულ რეჟიმში, შეზღუდული მომსახურე პერსონალის პირობებში ამ პრობლემის მოგვარება წარმოუდგენელია”, - ამბობს ბონდო ყიფიანი.
მისი თქმით, არასაკმარის კადრებთან ერთად პრობლემაა დოკუმენტების მოძიებაც, რადგან რეგიონებში არსებული არქივები ძირითად შემთხვევაში საეჭვო ვითარებაში სხვადასხვა დროს არის დამწვარი, თუმცა ბონდო ყიფიანის შეფასებით, ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ მოქალაქე შესაბამის დოკუმენტაციას ვერ მოიძიებს. ადვოკატი თვლის, რომ სახელმწიფო მოქალაქეს ამ ნაწილში უნდა დაეხმაროს და პროცესში მარტო არ უნდა დატოვოს.
“პრობლემა არის ნებაში, არ არის ნება რომ ეს საკითხები გამარტივდეს იმგვარად რომ მოხდეს დაკავშირება დოკუმენტურ ნაწილში საბუთების ერთმანეთთან. მართალია წარსულში ციფრული სახით არ არსებობდა დოკუმენტები, მაგრამ კეთდებოდა 5-6 ასლი თითქმის ყველა დოკუმენტის. თუ ერთ რომელიმე ადმინისტრაციულ ერთეულში მასალა არ იძებნება, ეს არ არის დასასრული, შენ უნდა მოძებნო ალტერნატიულ სივრცეებში. არის მუნიციპალურ დონეზე, პროფკავშირულ დონეზე ეს მასალები და უნდა მოახერხო ამ მასალების დაკავშირება. ეს არის რეალური ხელშეწყობა, რომ შენ ადამიანს მისცე გამოცდილება და ცოდნა, და არა დატოვო ერთი ერთზე ამ სისტემის პირისპირ, სადაც წარმოუდგენელია იურიდიული დახმარების გარეშე გზა გაიკვლიოს ადამიანმა”, - აცხადებს ადვოკატი.