მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამაოების ბაზარი - ბანკი და კარტოფილი

საფონდო ბირჟა
21.09.24 14:00
589

ავტორი: ირაკლი ლაითაძე

I ნაწილი

სპეკულაცია არის ის სიტყვა, რომელიც ზუსტად აღნიშნავს
საქმიანობას, რაც არის ფასების მანიპულაციით და არა

რეალური საქონლისა და მომსახურების შექმნა.
ჰენრი ფორდი

მცირე დაკვირვებაც კი საკმარისია, რომ მივხვდეთ დღევანდელი ფინანსური სექტორის გროტესკულად დიდ როლს. ადვილია ისტორიულად თუ გეოგრაფიულად დაშორებული საზოგადოების დეფექტების დანახვა. ბევრად უფრო რთულია საკუთარი დეკადენსის აღმოჩენა.

ვთქვათ, ბანკები. ისინი აძლევს სესხს კომპანიებს და ფიზიკურ პირებს, რომლებიც აწარმოებენ პროდუქციას და ქმნიან სერვისებს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე გვგონია. გლობალურად კი, ეს არის არის ბანკების საქმიანობის დაახლოებით 14%. დანარჩენი კი არის გემბლინგი. ბანკები (და სხვა ფინანსური ინსტიტუტები) სპეკულირებენ ფასებზე და „სანაძლეოს“ დებენ მათ მიმართულებებზე.

სიცხადისთვის განვიხილოთ მცირე, გამარტივებული მაგალითი: მე ვაწარმოებ კარტოფილს. რადგან ფული მჭირდება აქ და ახლა, ჯერ კიდევ მოსავლის აღებამდე ვყიდი ჩემს კარტოფილს ბითუმად - 1 კგ-ს 1 აშშ დოლარად. ბითუმად შემსყიდველი ყიდის კარტოფილის მომავალ მფლობელობას დილერზე 1.10 დოლარად, რომელსაც შეუტყვია, რომ მოსალოდნელია ცუდი ამინდები და შესაბამისად, კარტოფილის მოსავალი იქნება მწირი. დილერი მიყიდის კარტოფილის მფლობელობას ბროკერს 1.20-ად, რადგან ეს უკანასკნელი ვარაუდობს, რომ კარტოფილის ფასი კიდევ უფრო გაიზრდება. საქონლის საერთაშორისო ბაზრის ის მონაწილეები, ვინც უყურებენ ფასების დინამიკას და ხედავენ აღმავალ ტრენდს, ყიდულობენ 1 კგ კარტოფილის მფლობელობის უფლებას 1.30 დოლარად. ასეთ დროს, ამავე ბაზარზე გამოჩნდება ვიღაც, ვინც თვლის, რომ ეს პროდუქტი ამ ფასად არ გაიყიდება და უკეთებს მას short-sell-ს 1.20-ად. სხვა Short-sell-ერებს ფასი ჩამოჰყავთ ჯერ 1.10 დოლარზე და შემდეგ 1-ზე. ამასობაში, ამინდის განახლებული პროგნოზის საფუძველზე, ვიღაც დაასკვნის, რომ მოსალოდნელია უკეთესი ამინდები, იქნება უხვი მოსავალი და 1 კგ კარტოფილის სამომავლო ფასი ჩამოდის 0.9 დოლარზე. დგება მოსავლის აღების დრო და თავდაპირველი მყიდველი შეიძენს საქონელს წინასწარ შეთანხმებულ ფასად - 1 კგ-ს 1 დოლარად. შემდეგ კარტოფილი იყიდება და საბოლოო მომხმარებელი მას შეიძენს, ვთქვათ, 1.10 დოლარად, წაიღებს სახლში, შეწვავს ან პიურეს გააკეთებს.

დროის იმ პერიოდში, როდესაც მე კარტოფილი მომყავდა და შემდეგ მან გადაინაცვლა სხვის ტაფაზე - ჩატარდა ცხრა ტრანზაქცია. აქედან მხოლოდ ერთი იყო რეალური ქმედება. დანარჩენი იყო სუფთა ფინანსები. ვიღაცებმა იშოვეს ფული, ვიღაცებმა დაკარგეს ფული. ამ პროცესში კი არანაირი ღირებულება არ შეიქმნა, გარდა ისედაც არსებული, რეალური 1 კგ კარტოფილისა. ერთ რეალურ აქტივზე დაფუძნებული მრავალი გარიგება/გემბლინგი/“სანაძლეო“ - უმეტესწილად, აი, ეს არის ფინანსები.

ეკონომიკური საქმიანობის ღირებულება მთელ მსოფლიოში შეფასებულია დაახლოებით 105 ტრილიონ დოლარად - ესეც ჩვენი კარტოფილი და თანხმლები მომსახურება, ვთქვათ მისი გადაზიდვა. ხოლო დაახლოებით 667 ტრილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა ფინანსური დერივატივები („სანაძლეოები“), რომელიც ზემო ხსენებული 105 ტრილიონი დოლარიდან ამოიზარდა. ეს არის მსოფლიოს ყველაზე დიდი ბიზნესი, რომელიც არაფერს არ ქმნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები