მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ამაში გასაკვირი არაფერი უნდა იყოს“ - დეპუტატი ენერგოკომპანიების რეგულირების ახალ კანონპროექტზე

5f0c35490b471
ვიქტორია მღებრიშვილი
13.07.20 15:00
923
სემეკისა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც ენერგოკომპანიების მიერ 5%-ზე მეტი წილის გაყიდვის შემთხვევაში სემეკის უფლებამოსილების გაზრდას გულისხმობს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე დადებითად აფასებს და ამბობს, რომ "არაფერია გასაკვირი იმაში თუ მარეგულირებელ კომისიას ეცოდინება, ენერგეტიკის ბაზარზე ვინ იქნება ახალი მონაწილე".

„კანონპროექტში საუბარია იმაზე, რომ როდესაც სისტემის ოპერატორი გაყიდის ან გაასხვისებს აქციების ან მისი ქონების 5%-ზე მეტს, წინასწარ უნდა შეატყობინოს ამის შესახებ მარეგულირებელ კომისიას. მოგეხსენებათ, მარეგულირებელი კომისია არის ორაგნო, რომელიც პრაქტიკულად სრულად არეგულირებს ენერგეტიკის და წყალმომარაგების სფეროში ბაზრის მონაწილე ობიექტების ქმედებას; აქედან გამომდინარე, ამაში არაფერი გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან მან წინასწარ უნდა იცოდეს, ვინ ყიდულობს ამ აქციებს. ამდენად, არის რამდენიმე საკითხი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ახალი მონაწილე და თუ არ აკმაყოფილებს, მას გარკვეულ ვადას აძლევს მარეგულირებელი კომისია, რომ გაასწოროს ეს საკითხი და თანხმობას აძლევს ამის შემდეგ ან შესაძლებელია უარი თქვას, სფეროში ახალი მონაწილის შემოსვლაზე", - განაცხადა რევაზ არველაძემ.

BMG-ის კითხვაზე - ხომ არ იმოქმედებს ეს დარგის საინვესტიციო მიმზიდველობაზე, დეპუტატი პასუხობს, რომ ბინზესგარემო აქ არაფერ შუაშია.

„რა შუაშია ბიზნეს გარემო?! აქ საუბარია არა ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვაზე, აქ საუბარია იმაზე, რომ სისტემის ოპერატორი, რომელიც მხოლოდ ფლობს, მას უფლება არ აქვს იყიდოს ან გაყიდოს გაზი ან ელექტროენერგია, სისტემის ოპერატორს თავისი ქონების ნაწილში შემოჰყავს ვიღაც სხვა, ეს სხვა უნდა აკმაყოფილებდეს იმ მოთხოვნებს, რაც დადგენილია იმისთვის, რომ ამ სფეროს მართვაში მიიღოს მონაწილეობა“, - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

სემეკი-ს თავმჯდომარის შეფასებისგან განსხვავებით, რევაზ არველაძე საკანონმდებლო ცვლილებებს არაფერს უკავშირებს და აცხადებს, რომ ეს ცვლილება სექტორისთვის აუცილებელია.

„მოდით, ნურაფერს ნუ დავუკავშირებთ. უნდა მოხდეს განცალკევება. დღეს სისტემის ოპერატორს უფლება აქვს, რომ იყიდოს ან გაყიდოს ელექტორენერგია ან გაზი, ხვალიდან ამის უფლება აღარ ექნება. რჩება მხოლოდ ტექნიკური ნაწილი, სადაც მას შესაძლოა, მიაჩნია რომ არ არის საკმარისი მისი მმართველობა და აუცილებელია, ვინმე შემოიყვანოს. ეს დამატებითი ვინმე აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს იმ მოთხოვნებს, რომელიც ენერგეტიკის სფეროში მართვისთვის საჭიროა, ეს იქნება ტექნიკური გამოცდილება თუ სხვა”, - განაცხადა რევაზ არველაძემ.