„კვლევამ აჩვენა, რომ ამბიცია გვაქვს ინოვაციების კუთხით გლობალური მოთამაშე ვიყოთ, თუმცა შავი ზღვის აუზშიც კი, ჯერ კიდევ ბოლო ადგილზე ვართ“,- ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ანალიტიკა“ PMCG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ხიშტოვანმა საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის შეფასებისას განაცხადა.
მისი განმარტებით, იმისათვის, რომ ინოვაციები განვითარდეს, კრეატიულობაა აუცილებელი, რაც როგორც წესი, ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში იბადება. შესაბამისად, მისი თქმით, საჭიროა სკოლის საფეხურზე სწავლების მეთოდების გადახედვა.
„ერთის მხრივ, როდესაც საუბარია განათლებაზე, ადამიანები როგორც წესი სკოლიდან იღებენ განათლებას. კრეატიულობა სკოლაში იბადება. თუმცა ფაქტია, აქ აშკარად რიგიდული მიდგომები გვაქვს. [ბავშვი] ცოტათი თუ არ წავახალისეთ და არ გადავხედეთ სკოლის საფეხურზე სწავლების მეთოდოლოგიას, მაშინ უბრალოდ დაფიქსირება მოგვიწევს, რომ ჩვენ კრეატიულები არ ვართ, რაც ინოვაციების განვითარების აუცილებელი პირობაა. მსოფლიოში ინოვაციების განვითარებასა და ალტერნატიული სწავლების მეთოდების შემოტანას შორის ზოგადი განათლების საფეხურზე ძლიერი კორალაციაა.
მეორე მხრივ, ინსტიტუციურ დონეზე, ვხედავთ, რომ კვლევების დაფინანსება და უნივერსიტეტების დონეზე მეწარმეობის მხარდაჭერა არ არის საკმარისი. აქაც გვაქვს აუარებელი სამეცნიერო პრიორიტეტი და მცირე ზომის ინიციატივა, მაგრამ ამას არ აქვს გავლენა. ჩვენ დღეს მიგვაჩნია, რომ მეცნიერების მხარდაჭერა ადრე შექმნილი კვლევითი ინსტიტუტების ფუნქციონირების გაგრძელებას გულისხმობს, მაგრამ ეს ასე არ არის. მაგალითად, ყოველ წელს, ბოლო 3 წელია იმაზე მაღალი საგადასახადო შემოსავლები გვაქვს, ვიდრე ფინანსთა სამინისტროს მიერ არის დაგეგმილი, რაც ძალიან კარგია. თუმცა, ეს ჭარბი შემოსავლები ინოვაციებისა და კვლევების წახალისებაში როგორც წესი არ მიემართება“-განაცხადა ხიშტოვანმა.
მისივე შეფასებით, ინსტიტუციებში მხოლოდ ინფრასტრუქტურისა და სწორი ინსტიტუციების შექმნა კი არა, არამედ მეტი ინვესტიციების განხორციელებაა საჭირო, რათა არსებული ინსტიტუტები განვითარდეს.