თავის მოვლის გლობალური ბრენდების - Clinique-ის, MAC-ის, Jo Malone-ის და Tom Ford-ის მფლობელმა ამერიკულმა კორპორაცია Estée Lauder-მა რეორგანიზაცია დაიწყო. ორგანიზაციული გადაწყობა ჰოლდინგმა რამდენიმე თვის წინ დაიწყო, რადგან კომპანიას არადამაკმაყოფილებელი შედეგები აქვს. 2021 წლის დეკემბერში დაფიქსირებული პიკური მაჩვენებლის შემდეგ, როცა ინვესტორები კომპანიას $133.3 მილიარდად აფასებდნენ, Estée Lauder-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ 82%-ით იკლო და ახლა, კომპანიის აქციები 2014 წლის ფასებით ივაჭრება.
ცუდ ფინანსურ შედეგებთან ერთად, Estée Lauder-ის მდგომარეობას გაურკვევლობას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სატარიფო პოლიტიკა სძენს, რადგან ამერიკული ჰოლდინგი, როგორც ცნობილია, დიდი ევროპული ბრენდების პროდუქტებით ვაჭრობს და თუ პრეზიდენტმა ევროკავშირს ტარიფები დაუწესდა, ამერიკის ბაზარზე ევროპული კოსმეტიკა გაძვირდება, რაც, სავარაუდოდ, გაყიდვებს შეამცირებს. შედეგად, Estée Lauder-ის ხელმძღვანელობა რესტრუქტურიზაციას მიმართავს და ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით სამსახურიდან 7,000 თანამშრომელს დაითხოვს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Estée Lauder-ის ჰოლდინგში შემავალი ბრენდების გაყიდვები დონალდ ტრამპის გამოჩენამდეც მცირდებოდა, რაც, დიდწილად, გლობალურად გაზრდილ ინფლაციასთან იყო დაკავშირებული. შედეგად, ამ დროისთვის, Estée Lauder-ში $1 მილიარდის დაზოგვა სურთ, რაც, ერთი მხრივ, თანამშრომლების გათავისუფლებით, მეორე მხრივ კი კომპანიის კორპორაციული სტრუქტურის გამარტივებით და მოქნილობის გაზრდით არის შესაძლებელი. დღეს, Estée Lauder-ში 62,000-მდე ადამიანი მუშაობს, ანუ კომპანია სამუშაო ძალის 11%-ის დათხოვნას გეგმავს.
Estée Lauder-ის ბრენდები კოსმეტიკური პროდუქტების ინგრედიენტებს სხვადასხვა ქვეყანაში ყიდულობენ, მათ შორის ავსტრალიაში, მადაგასკარსა და ინდონეზიაში, ხოლო ქარხნებს გაერთიანებულ სამეფოში, კანადაში, შვეიცარიაში და ჩინეთში ფლობენ. Estée Lauder-ის პროდუქტები 150-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება, ანუ დონალდ ტრამპის სატარიფო პოლიტიკა, შესაძლოა, ამერიკული კორპორაციის გაყიდვებზე კიდევ უფრო ნეგატიურად აისახოს. წინა კვარტალში, კომპანიამ $650-მილიარდიანი ზარალი დააფიქსირა, რაც დიდწილად აზიაში შემცირებულ გაყიდვებს უკავშირდება.