სახელგანთქმული ავტომწარმოებლის, Ford-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯიმ ფარლიმ სულ ცოტა ხნის წინ ჩინური ელექტრომობილებით მგზავრობის გამოცდილებაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საკუთარი კარიერის განმავლობაში ასე სუსტად არასდროს უგრძნია თავი. ფარლის თქმით, ბოლო წლებში ამერიკული ავტომწარმოებლები მნიშვნელოვნად ჩამორჩნენ ჩინელ კონკურენტებს და ეს როგორც მანქანების ტექნიკურ მონაცემებში, ისე ტექნოლოგიურ შესაძლებლობებში აისახა. ასპენის იდეების ფესტივალზე გამოსვლისას ფორდის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ჩინური ავტომწარმოებლები კონკურენტებზე უკეთ ახერხებენ ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირებას თავიანთ უახლეს ავტომობილებში, რაც ტრანსპორტით მგზავრობას გაცილებით უფრო კომფორტულს ხდის.
ფარლიმ ისაუბრა გასულ წელს ჩინეთში განხორციელებული ვიზიტების შესახებაც და განაცხადა, რომ იქაური ელექტრომობილების წარმოების მასშტაბმა და ხარისხმა გააოცა. ის გააოგნა როგორც მანქანების წარმადობამ და დიზაინმა, ისე ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების დონემ. როგორც Ford-ის ხელმძღვანელი აღნიშნავს, დღესდღეობით, ელექტრომობილების 70%-ს ჩინეთი აწარმოებს. ეს კი მნიშვნელოვანი “გამოღვიძების სიგნალი” უნდა გახდეს სხვა ავტომწარმოებლებისთვის, რომლებიც სერიოზულად ჩამორჩებიან ჩინელი კონკურენტების საქმიანობის ტემპსა და მასშტაბს.
ფარლი მხოლოდ სიტყვებით არ შემოფარგლულა. მან Ford-ში სტრატეგიული ცვლილებების განხორციელება დააანონსა. ამ მხრივ პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა - კომპანიის ხელმძღვანელმა თავის გუნდთან ერთად მიჩიგანში BYD-ისა და Xiaomi-ის უახლესი ელექტრომობილები ჩაიყვანა. მიზანი ჩინური კონკურენტების მიერ შექმნილი მანქანების სრულფასოვანი გამოკვლევა და გამოცდაა. როგორც ფარლი განმარტავს, თუ ფორდი ვერ მოახერხებს იმ მასშტაბის ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვას, როგორსაც უკვე მიაღწიეს ჩინურმა კონკურენტებმა და ვერ გახდება მეტად ხარჯეფექტური, მაშინ კომპანია უბრალოდ ვეღარ გაუძლებს კონკურენციას.
ჩინური ავტომწარმოებლების უპირატესობის აღიარება Ford-ის მიერ სტრატეგიული ცვლილებების განხორციელებისკენ გადადგმული ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია. როგორც ცნობილია, კომპანია გეგმავს საერთაშორისო, მათ შორის, ჩინეთის ბაზარზე თავისი პოზიციონირების გაუმჯობესებას. გადაწყვეტილია, რომ ფორდი მნიშვნელოვან ინვესტიციებს განახორციელებს ელექტრომობილებში უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით და იმუშავებს ფასის ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.
ფერლიმ ისაუბრა შტატებსა და ჩინეთს შორის გამართული სავაჭრო დაპირისპირების უარყოფით შედეგებზეც და აღნიშნა, რომ ამერიკულმა მხარემ მეტად უნდა გაითვალისწინოს არსებული ვითარება და საკუთარ კომპანიებს არათუ შეუშალოს, არამედ შეუწყოს ხელი კონკურენტულ ბაზარზე მდგომარეობის გამყარებაში.




























