მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამიერკავკასიაში მარტო ჩვენ გვაქვს" - "ასკანელმა" ღვინის წარმოებაში ახალი დანადგარი დანერგა

გოჩა ჩხაიძე

“ასკანელის” დამფუძნებელმა გოჩა ჩხაიძე ღვინის წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და დანადგარების წარმოების მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ წარმოებაში სიახლეების დანერგვა მუდმივად ხდება. ერთ-ერთი ასეთი სიახლე წარმოებაში ელექტრო დიალიზის აპარატის დანერგვაა. ღვინის სიცივით დამუშავებისთვის თანამედროვე და ძვირად ღირებული დანადგარი ღვინის მაღალ ხარისხთან პირდაპირ კავშირშია.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ამ დანადგარის საშუალებით მინიმუმამდეა დაყვანილი ხელოვნური ჩარევა ვინიფიკაციის პროცესში და ზუსტად იმ რაოდენობის კრისტალების გამოყოფა ხდება რაც ღვინის სტაბილურობის მისაღწევადაა საჭირო.

"ელექტრო დიალიზის აპარატი, რომელიც ჩვენ დავნერგეთ, საკმაოდ ძვირად ღირებულია და მარტო ჩვენ გვაქვს ამიერკავკასიაში", - აღნიშნა “ბიზნესის კვირეულისთვის” მიცემულ ინტერვიუში გოჩა ჩხაიძემ.

მისივე თქმით, კომპანია უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს წარმოებული პროდუქციის ხარისხს, რაც მათთვის ყველაზე დიდი მარკეტინგული კამპანიაა.

“მეღვინეობის ტექნოლოგია არ არის სამუზეუმო ექსპონატი, ეს არის ინოვაციები, ტექნოლოგიები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, თან ისეთ საწარმოებში, როგორიც ჩვენ ვართ. როცა რაოდენობებზე ხარ ორიენტირებული, აუცილებელია, რომ დაიჭირო ხარისხი. ხარისხი რომ დაიჭირო, ამისთვის აუცილებელია, გქონდეს შეხება თვითონ ღვინოსთან და ღვინო თავისი ხასიათით, არომატებით ჩამოისხას ბოთლში. როდესაც გინდა, რომ იყო ლიდერი, წარმატებული კომპანია, ამას სჭირდება ზუსტად ის ტექნოლოგიები, რომელსაც ჩვენ ვნერგავთ.

ელექტროდიალიზის აპარატი, რომელიც ჩვენ დავნერგეთ, საკმაოდ ძვირად ღირებულია და მარტო ჩვენ გვაქვს ამიერკავკასიაში. ზოგადად, ღვინის ჩამოსხმის წინ ხდება მასალის სიცივით დამუშავება, ამის მერე ხდება კიდევ ფილტრაცია. ფილტრაციის დროს ღვინის ხარისხი ქვეითდება. შენ ართმევ მას არომატიკას, გემოს და მის პირვანდელ მინერალიზაციას და ყველა იმ მნიშვნელოვან შენაერთებს, რომელიც უნდა იყოს. ეს ელექტროდიალიზის დანადგარი იძლევა საშუალებას, რომ ცივად დავამუშაოთ და ავცდეთ ამ უზარმაზარ პროცედურას და ხარისხის დაქვეითებას. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს, როცა დიდ რაოდენობებზე მუშაობ. ამან დიდი შედეგი მოგვიტანა. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, რომ ხარისხი დავიჭიროთ, რადგან ეს არის ყველაზე დიდი მარკეტინგი. მარკეტინგში შეიძლება ძალიან დიდი ფული დახარჯო და ვერ მიაღწიო ისეთ შედეგებს, როგორიც გინდა. როცა ადამიანს ღვინო მოსწონს, ის იმ ღვინოს თავად ეძებს და მეორედაც იყიდის. ეს ტექნოლოგიური ციკლები, რომელიც საწარმოში დავნერგეთ, ძალიან კარგ შედეგებს გვაძლევს”, - განაცხადა გოჩა ჩხაიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები