დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ზაფხულში ქვეყანაში მასობრივი იმუნიზაცია დაიწყება. როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, ქვეყანაში რამდენიმე დიდი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნება, სადაც დღიურად რამდენიმე ათასი ვაქცინაცია ჩატარდება.
„ის აქტივობა, რაც დღეს და გუშინ გვაქვს, კარგი არ არის, ჩვენ მეტს ველით კოლეგებისგან, რომლებმაც მაგალითი უნდა მისცენ მოქალაქეებს. დღეისათვის პორტალზე მხოლოდ 4 532 მედიცინის მუშაკის ჯავშანია, 1375 კი აიცრა. ეს არის საკმაოდ დაბალი რიცხვი. დღიურად 3 ათასი დოზა ვაქცინა უნდა გაკეთდეს, რათა მომდევნო 2 კვირაში უკვე შეძენილი 43 ათასი დოზა ვაქცინა ავითვისოთ.
ეს ადამიანები მეორედ 8-12 კვირის განმავლობაში უნდა აიცრან. მათთვის განკუთვნილი 80 ათასი დოზა ვაქცინა შემოდის 20 აპრილიდან. მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში კიდევ იქნება რამდენიმე ათასი ვაქცინა, რომლებიც ბილატერალური გზით შემოვა და ვაქცინაციის ჯგუფები თანდათანობით გაფართოვდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
NCDC-ის ხელმძღვანელი მოსახლეობას და განსაკუთრებით თავის კოლეგებს მოუწოდებს, რომ მაქსიმალურად სწრაფად აიცრან.



























